საქართველოს უნივერსიტეტებში სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები ერთად სწავლობენ. ისინი მეგობრობდნენ, სანამ მათ შორის განხილვის საგანი არ გახდა ყარაბაღის საკითხი. ყარაბაღის ომით შეწყვეტილი სომხურ-აზერბაიჯანული მეგობრობა, ან მიმდინარე ურთიერთობები, რომლებიც არ ემორჩილება ეთნიკური კონფლიქტების გავლენას და რას აკეთებენ უნივერსიტეტები იმისთვის, რომ ყარაბაღის საკითხი არ გახდეს სტუდენტური კონფლიქტის საფუძველი?
რაუფ მახარამოვი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია. დაამთავრა ილიას სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ილიას უნივერსიტეტში სწავლისას ჰყავდა სომეხი თანაკურსელი, რომელთანაც მცირე კონფლიქტი ჰქონდა, მაგრამ დღემდე მეგობრობა არ გაუწყვეტიათ.
2010 წლიდან ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა, განსაკუთრებით სომხებმა და აზერბაიჯანელებმა ერთად დაიწყეს სწავლა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. პროექტი „1 + 4“ არაქართულენოვან აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს უნივერსიტეტში მშობლიური ენის მხოლოდ ერთი გამოცდით ჩააბარონ. 2010 წლიდან 2021 წლამდე „1 + 4“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა და სწავლობს 3199 სომხურენოვანი სტუდენტი. ამ პროგრამით საქართველოში სწავლობენ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები – სომხები, აზერბაიჯანელები, ოსები და აფხაზები.
სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლების პროცესი განსხვავებულია. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შერეულ კურსებზე სწავლობენ არაქართულენოვანი სტუდენტები, ანუ კურსზე სწავლობენ სომხებიც და აზერბაიჯანელებიც.
უნივერსიტეტში შესვლამდე რაუფს სომხებთან შეხება არ ჰქონია.
„უნივერსიტეტში პირველად ვნახე ეროვნებით სომეხი, ჩემი თანაკურსელი, რომელთანაც მაშინვე დავმეგობრდი. თავიდან თითქოს შიში იყო, ერთმანეთს გავურბოდით, მერე გამიჩნდა სურვილი, უკეთ გამეცნო, ერთ კურსზე ვსწავლობდით, პროექტები ერთად უნდა შეგვედგინა. საბოლოოდ, ვაღიარეთ, რომ არაფრის გვეშინოდა და ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელეთ მეგობრობა“, – ამბობს რაუფი.
სწავლის პერიოდში უთანხმოებას ვერ ერიდებოდნენ. რაუფი ამბობს, რომ მისი თანაკურსელი განაწყენდა და დატოვა აუდიტორია, როდესაც მათ აჩვენეს ფილმი, რომელშიც სომხები კლავენ აზერბაიჯანელებს. მისი თქმით, მათ აქვთ ათასობით ფილმი აზერბაიჯანელების მიერ სომხების მკვლელობაზე, მაგრამ არ ახდნენ მათ ტირაჟირებას. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს.
სტუდენტები უფრო მგრძნობიარე და კრიტიკულები არიან სწავლის პირველ წლებში, რადგან ისინი დახურული საზოგადოებიდან გადიან, სადაც კონფლიქტური ერის პირისპირ მტრის ხატია.
რაუფი აღარ არის პირველი კურსის სტუდენტი, მიაჩნია, რომ საქართველოში მცხოვრები სომხები და აზერბაიჯანელები ეთნიკური პრობლემებით არ უნდა ხელმძღვანელობდნენ. დღეს ის მაგისტრატურაზე ონლაინ სწავლობს. პარალელურად ავეჯის რემონტით არის დაკავებული. ონლაინ გაკვეთილები ტარდება დილა-საღამოს. ის მშობლიურ აზერბაიჯანულ გარემოში დაბრუნდა და გარდაბანის რაიონში ცხოვრობს.
„ვფიქრობ, საქართველოში მცხოვრებ სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შორის მეგობრობა შესაძლებელია. ყველა ერში არის კარგი და ცუდი ხალხი“, – დაამატა რაუფმა.
რაუფის მეგობრობა სომეხ თანაკურსელთან გადაურჩა ოთხდღიან ომს მთიან ყარაბაღში 2016 წელს და ყარაბაღის მეორე ომს 2020 წელს და დღემდე სტაბილურად უპრობლემოა. თუმცა, მიაჩნია, რომ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობის პრობლემა არ მოგვარდება მანამ, სანამ გაგრძელდება ორი ხალხის, ოჯახების ძველი ღირებულებებით აღზრდა.
ზოია თათარიანი ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა აზერბაიჯანელ სტუდენტებთან. ახლა მე-3 კურსის სტუდენტია. თავიდან ყველაფერი შეუფერხებლად მიდიოდა, შემდეგ კონფლიქტური სიტუაციები წარმოიშვა, მაგრამ რაუფისგან განსხვავებით, პრობლემა ადვილად არ მოგვარდა.
„აზერბაიჯანელ სტუდენტებზე ძალიან კარგი შეხედულება მქონდა, რადგან ადრეული ასაკიდან ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ყველა ერში არის კარგი და ცუდი ხალხი. ვიცოდი, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრი აზერბაიჯანელი სტუდენტია, არ ვნერვიულობდი, კარგად ვიყავი განწყობილი“, – ყვება ზოია.
კონფლიქტები მასსა და მის თანაკურსელებს შორის ჯერ კიდევ ყარაბაღის მეორე ომამდე დაიწყო. კონფლიქტის თემები იცვლებოდა კერძების ტიპების, ეთნოგრაფიული სიმღერებისა და ცეკვების მიხედვით.
/div>
როგორც ზოია ყვება, როდესაც ყარაბაღის მეორე ომი დაიწყო, მთელი იმ ხნის განმავლობაში ცდილობდნენ სიმშვიდის შენარჩუნებას, მაგრამ არ გამოვიდა.
„ვეცადეთ სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ან ჩვენ ვიწყებდით ჩხუბს, ან ისინი. სოციალურ ქსელებში იყო პუბლიკაციები, რომლის ქვეშაც ჩვენი უნივერსიტეტის აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები წერდნენ და ყოველთვის ჩხუბი იყო. ხდებოდა ისე, რომ ჩვენ კომენტარებში ვჩხუბობდით, შემდეგ პირად მიმოწერაზე გადავდიოდით”, – ამბობს ის.
ყარაბაღის მეორე ომამდე ზოიას საკმაოდ სერიოზული კონფლიქტი ჰქონდა ერთ-ერთ აზერბაიჯანელ თანაკურსელთან, რაც „სტუდენტურ სასამართლომდე“ მივიდა.
„ეს იყო 2018-2019 წლებში. მინდა აღვნიშნო, რომ ამ კონფლიქტს ნორმალური დასასრული ჰქონდა, ორივემ გავუგეთ ერთმანეთს, მივხვდით, ვინ იყო მართალი და ვინ მცდარი. მაგრამ ახლა ამ კურსელთან ურთიერთობა გაწყდა, როდესაც ვხვდებით, გზას ვიცვლით, ”- ამბობს ზოია.
ამ ყველაფრის შემდეგ ზოიამ ფაკულტეტი გამოიცვალა, რომ თანაკურსელს არ შეხვედროდა. შემდეგ იყო აზერბაიჯანელ სტუდენტებთან მეგობრობის სხვა წარმატებული მცდელობები, მაგრამ ისინი დასრულდა 2020 წლის შემოდგომაზე.
„ყარაბაღის ომმა გავლენა მოახდინა სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების ურთიერთობაზე. ძალიან ახლო მეგობარი მყავდა, ყველგან ერთად დავდიოდით, ცალ-ცალკე რომ გვხედავდნენ, გაკვირვებულები გვეკითხებოდნენ, – მეორე სად არისო? ახლა კი არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს. ვფიქრობ, ონლაინ სწავლება ძალიან დაგვეხმარა, რომ იმ დროს კონფლიქტი არ ყოფილიყო”.
არზუმან ალიევი მოსამზადებელ კურსზე ზოიას კურსელი იყო. ის ნანობს, რომ სომეხ თანაკურსელთან ურთიერთობა მცირე კონფლიქტის გამო გაწყდა.
„აქ სასწავლებლად ვართ, სომეხი მეგობრები მყავდა, და ჩემთან დარჩნენ. სიტყვა ყარაბაღი უნივერსიტეტში არასდროს უხსენებიათ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყარაბაღის ომი მხოლოდ პოლიტიკაა, ადამიანებმა, რომლებიც კონფლიქტს ეძებენ, უნდა იცოდნენ, რომ ეს არ არის ჩვენი კონფლიქტი. ჩვენ ვართ ქვეყანაში, რომელიც, არც სომხეთია და, არც აზერბაიჯანი, ჩვენ საქართველოში ვართ“, – ამბობს არზუმანი.
ის აღნიშნავს, რომ თუ ადრე ორი ხალხის წარმომადგენლებს შორის მეგობრობა იყო შესაძლებელი, ახლა რა არის დაბრკოლება?
ილიას უნივერსიტეტის პროგრამის „ქართული, როგორც მეორე ენა“ წყალობით, სხვადასხვა ეროვნების სტუდენტები სახელმწიფო ენას ერთ აუდიტორიაში, ეპიდემიის კონტექსტში კი Zoom-ის ჯგუფში სწავლობენ.
ივლიტა ლობჯანიძე პროექტის დაწყებიდანვე ასწავლიდა აზერბაიჯანელ და სომეხ სტუდენტებს, მან შესანიშნავად იცის მათი აზროვნება, მათი დადებითი მხარეები და, რა თქმა უნდა, პრობლემები.
ილიას უნივერსიტეტს აქვს მიდგომა არაქართულენოვანი სტუდენტების ქცევასთან და მათ ინტეგრაციასთან დაკაშირებით. წლის დასაწყისში უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ხვდება ჯგუფებს, განმარტავს ზოგადი ქცევის ნორმებს, რომლებიც მრავალფეროვნების პატივისცემაზე საუბრობენ არა მხოლოდ სტუდენტების, არამედ ლექტორებისა და ადმინისტრაციის წევრების მიმართ.
„სტუდენტები ეცნობიან ამ ტოლერანტულ გარემოს და, რა თქმა უნდა, იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებსაც პატივი უნდა სცენ სწავლის დროს, მათ შორის განსხვავებული აზრის, განსხვავებული კულტურის, ენის, რელიგიის და ა.შ. ამაში მეტ-ნაკლებად წარმატებულები ვართ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წლის ბოლომდე საკმაოდ წარმატებული ურთიერთობები ვითარდება სტუდენტებს შორის“, – დასძენს უნივერსიტეტის ლექტორი.
ივლიტამ აღნიშნა, რომ მაღალი კურსების არაქართულენოვანი სტუდენტები განაგრძობენ მეგობრულ ურთიერთობას და მათ შორის მეტი კომუნიკაციაა.
„თუ არის საუბარი, რომელიც კონფლიქტში გადაიზარდება და დაძაბულობას ქმნის, მაშინ შეიძლება ჩაერთონ ძალოვანი უწყებები, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, გაიმართოს საუბარი სტუდენტებთან ან სტუდენტთა ჯგუფებს შორის. მას შემდეგ, რაც ამ მოსწავლეებს უწევთ მონაწილეობა ჯგუფურ მუშაობაში, ამ გაუგებრობამ შეიძლება მომავალში პრობლემები გამოიწვიოს. ძალიან მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა. შესაბამისად, ქალბატონი თამარ გზირიშვილი (უნივერსიტეტის საბჭოს ქცევის ზოგადი სტანდარტების დეპარტამენტის უფროსი) ხშირად ერთვება ასეთ სიტუაციებში.“
ლექტორი ხაზს უსვამს, რომ ფხიზლად არიან, რათა გაუგებრობა არ მოხდეს. სტუდენტმა შეიძლება არ იცოდეს, რომ სოციალურ ქსელებში ყველაფრის დაწერა არ შეიძლება, სიფრთხილეა საჭირო.
ივლიტა ამბობს, რომ მას ჰყავდა ისეთი სტუდენტები, რომლებსაც ჰქონდათ პირადი სიმპათიები, თუნდაც სასიყვარულო ურთიერთობები.
ყარაბაღის კონფლიქტი „არ აქრობს“ ორივე მხარის – საქართველოში მცხოვრები სომეხისა და აზერბაიჯანელი სტუდენტების ეროვნულ გრძნობებს. თუ კონფლიქტის გამწვავებამდე უნივერსიტეტში მეგობრობდნენ, ყველგან ერთად დადიოდნენ, დღეს ეს ურთიერთობები გაწყვეტილია. ქართული უნივერსიტეტების ხანგრძლივმა მუშაობამ ამ კუთხით მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო, მაგრამ 44-დღიანი ომის შემდეგ, კიდევ უფრო მეტი მუშაობა და ახალი მიდგომებია საჭირო.