ხვალ არის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და მთელი რიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რაზეც უკვე კონსენსუსი არსებობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ეს იქნება როგორც წამახალისებელი ღონისძიებები 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში, ასევე ე.წ. მწვანე პასპორტთან მიმართებაში. ამ ღონისძიებებმა მაქსიმალურად უნდა გაზარდოს აცრის მოცვა ქვეყანაში, რადგან აცრის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება, გვექნება ახალი ტალღები და სამწუხაროდ, დიდი ადამიანური დანაკარგი. 60 წელს გადაცილებული პირების სავალდებულო ვაქცინაციაზე არ არის საუბარი, მომზადებულია მთელი რიგი პაკეტი წამახალისებელი ღონისძიებების, რათა ამ ასაკის ადამიანებს აცრის სურვილი გაუჩნდეთ. ხშირად სვამენ კითხვას, რატომ ეს ასაკობრივი ჯგუფი – რადგან ამ ასაკზე სიკვდილიანობის 60% მოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ გარდაცვლილთა 99 % გვყავდა აუცრელი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, როგორ განვითარდება მოვლენები, პროგნოზის გაკეთება რთულია.
„ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე გავსულიყავით, ახლა აცრილია 33,3 %. შორს ვართ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიღწევასთან, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს – აგრესიული საკომუნიკაციო კამპანია, წამახალისებელი ღონისძიებები და ე.წ მწვანე პასპორტების სისტემა, რომ როგორმე მეტი ადამიანი აიცრას. თუ ჩვენ არ ავიცერით, არ იქნება მოცვა მაღალი ქვეყანაში, სამწუხაროდ გვექნება 4-5 ათასი შემთხვევა დღიურად, ასეთი ტალღა ორ თვეში ერთხელ განმეორდება, მით უმეტეს ნოემბერი-დეკემბერი იქნება რთული სხვა რესპირატორული ვირუსების ზედდების გამო. ამიტომ მხოლოდ აცრები არის გამოსავალი. ერთმანეთს უნდა გავუწიოთ ანგარიში და იყოს სრული სოლიდარობა ქვეყანაში“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.