ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მასწავლებლებს შორის კორონავირუსის შემთხვევების გამო ონლაინ რეჟიმზე მხოლოდ სოფელ ტურცხის საჯარო სკოლა რჩება. დანარჩენი სკოლები გაკვეთილებს სკოლის შენობაში ატარებენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტურცხის სკოლის გარდა, ყველა საჯარო სკოლა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. სოფელ ტურცხის სკოლა ისევ ონლაინ რეჟიმზეა – საკარანტინო პერიოდი ჯერ არ დასრულებულა. სკოლა ერთ კვირაზე მეტია კარანტინშია, თუმცა 12-დღიანი საკარანტინო პერიოდი მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება.
რესურსცენტრის დირექტორის თერეზა ჩივჩიანის თქმით, თითოეული სკოლისთვის საკარანტინო საკითხი ინდივიდუალურად წყდება – შეხვედრისას თავად სკოლა იღებს გადაწყვეტილებას.
„სკოლები ონლაინ სწავლებაზე მას შემდეგ გადადიან, რაც ჯანდაცვის სამინისტროდან რეკომენდაციას მიიღებენ. სკოლის სხდომა გადაწყვეტს, არის თუ არა სიტუაცია მეტ-ნაკლებად ნორმალური, თუ ინფიცირებულის წრე მცირეა, შეიძლება არ დაიხუროს”, – განმარტა თერეზა ჩივჩიანმა.
სკოლის შენობებში მოსწავლეებისთვის 4 ოქტომბრიდან 9 სკოლამ გაიარა კარანტინი და სწავლება ონლაინ რეჟიმში გააგრძელა. თუმცა, მასწავლებლებს შორის კორონავირუსის ერთი შემთხვევის გამოც კი სკოლა კარანტინში გადადიოდა. ახლა მიდგომა ოდნავ შეიცვალა და თითეული შემთხვევა ცალკე განიხილება.