საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად, სომხეთში იმყოფებიან, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის მიუხედავად შეუძლიათ დაბრუნდნენ საქართველოში, მაგრამ გაივლიან სავალდებულო საკარანტინო რეჟიმს.
როგორც Jnews -ს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გამკაცრებულ სისტემას დაუქვემდებაროს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის წესები.
კერძოდ, დროებითი რეგულაციების თანახმად, საქართველოს საზღვრის კვეთა, “სადახლოს” საბაჟო პუნქტის გავლით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქე მგზავრებისთვის/ფიზიკური პირებისთვის და მხოლოდ მკაცრად დადგენილ საათებში – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე არის შესაძლებელი. “გუგუთის”, “ახკერპისა” და “ნინოწმინდას” საბაჟო გამშვები პუნქტები ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.
მათივე ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე “სადახლო საავტომობილო“ სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის ღონისძიებებს ახორციელებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგები. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, ეპიდემიოლოგები საქართველოს მოქალაქე მგზავრებს ინდივიდუალურად ამოწმებენ, რაც გულისხმობს მგზავრთან გასაუბრებას, ტემპერატურის გაზომვას, სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას. ამასთან, საზღვარგარეთიდან, როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე მოთავსებული იქნება საკარანტინო ზონაში.
ტვირთების გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას რაც შეეხება, როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განგვიმარტეს, აღნიშნული შეზღუდვა მათ არ შეეხება. საბაჟო გამშვებ პუნქტზე “სადახლო საავტომობილო” შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ტვირთების გატარება სპეციალური პროტოკოლის დაცვით მიმდინარეობს.
მათივე განმარტებით, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, “სადახლოს” გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს, საქართველოში შემოსვლაზე სატვირთოების გარკვეული რაოდენობის დაგროვება, რამდენიმე დღის წინ, დარიალის ხეობაში არსებული ზვავსაშიშროების გამო, გზებზე დაწესებულმა შეზღუდვამ გამოიწვია.
“ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობისა და დარიალი-ლარსის მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და სატვირთო ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება. სხვა საბაჟო გამშვები პუნქტების მიმართულებით სატვირთო მანქანების მოძრაობა, ასევე, ეტაპობრივად მიმდინარეობს”, – განუცხადეს jnews -ს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.