საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-9 პაციენტი გამოჯანმრთელდა, თუმცა ინფიცირებულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა.
როგორც ტელეკომპანია „იმედის დილის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, მეცხრე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო გუშინ, საღამოს დატოვა.
stopcov.ge-ს ინფორმაციით, კარანტინში ამჟამად 3222 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 237.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.