დღეს, 28 ოქტომბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადგილობრივი ხელისუფლების, ჯავახეთის ეროვნული პარკის, პოლიციის, გუბერნიის და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა სოფელ კარწახის ტბის გასაწმენდად გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს. ტბა ცუდ მდგომარეობაშია და გადარჩენას საჭიროებს.
კარწახის, იგივე ხოზაფინის ტბის ნახევარი თურქეთის მხარესაა, მეორე ნახევარი კი საქართველოს მხარეს. სოფელ კარწახში ტბის ქართული ნაწილი გამწვანდა. ტბა ჯავახეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეროვნული პარკის წარმომადგენლები ტბის ცუდ მდგომარეობაზე საუბრობენ. ტბაში ბევრი სათევზაო ბადეა, თევზი კარწახის მიმართულებით არ დაცურავს და ამის გამო გამწვანდა.
„ტბაში, რამდენიმე ათასი სათევზაო ბადეა, ერთმანეთზეა დაწყობილი, ეს არ აძლევს საშუალებას თევზს საქართველოსკენ გამოცუროს, ეშინიათ. ამ ბადეებისგან უნდა გაიწმინდოს ტბის ფსკერი, რათა ტბა განვითარდეს. დღეს მოვიწვიეთ სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი, რათა აცნობონ ზემდგომებს და მოსახლეობას მისცენ ტბის სათევზაო ბადეებისგან გაწმენდის საშუალება, მათ შორის, წითელ ზონაში. რადგან ამ ნაწილის გაწმენდის გარეშე არანაირი ეფექტი არ იქნება“, – განაცხადა ეროვნული პარკის წარმომადგენელმა, სამველ პეტროსიანმა.
თურქეთის მხრიდან ხოზაფინის ტბა სუფთა და გამჭვირვალეა, ქართული მხრიდან ყველაფერი გამწვანებულია. ეროვნულ პარკში შიშობენ, რომ დროთა განმავლობაში ტბა ჭაობად გადაიქცევა. ტბის წყლით, სოფელ კარწახის მცხოვრებლები ზაფხულობით მინდვრებს რწყავენ და პირუტყვისთვისაც იყენებენ.
შეხვედრაზე შეკრებილები შეთანხმდნენ, რომ მესაზღვრეებმა ხალხს ტბაში შესვლის საშუალება უნდა მისცენ, ყველა ბადე ამოიღონ და ამით გზა გაუხსნან თევზს. მათ სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელს სთხოვეს, ტბის მდგომარეობაზე უფროსებს გაესაუბრონ და თანხმობა მიიღონ, რათა ზამთრამდე გასუფთავდეს.
შეხვედრის დასასრულს გადაწყდა, რომ, როგორც ეროვნულმა პარკმა, ასევე მესაზღვრეებმა ტბის მდგომარეობაზე მოხსენება მოამზადონ, იმსჯელონ და შემდეგ შეხვედრაზე კონკრეტულად განიხილონ, თუ როგორ დაიწყება დასუფთავება.
„ვთხოვთ ეროვნულ პარკს მიმართოს უფროსებს, მესაზღვრეებმა თავიანთ უფროსებს და როცა უკვე მიიღება უფროსებისგან პასუხები, იქნება მეორე შეხვედრა, სადაც კონკრეტულად განვიხილავთ, როდის დაიწყება დასუფთავება. ვფიქრობ, ვადას მივცემთ, რომ სოფლის მოსახლეობამ ბადეები შეაგროვოს, თუ დარჩება, ადგილობრივი ხელისუფლება გამოყოფს სახსრებს დასუფთავებისთვის, როგორც ვიცი, ეროვნულ პარკსაც აქვს ამ მიზნით გამოყოფილი თანხები“, – თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა.
ეროვნული პარკის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დაუკავშირდებიან უფროსებს და ითხოვენ ფინანსურ დახმარებას.
ხოზაფინის ტბის გაწმენდის გამოცდილება არსებობს. მსგავსი სამუშაო ორი წლის წინ განხორციელდა.