“რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივესალმებით მსგავს მოვლენებს, რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს მას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ Jnews-ის კითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილია თბილისში ეპიდემიის მორიგი პიკის ფონზე ხელისუფლების მრავათასიანი აქცია.

დღეს, 28 ოქტომბერს, ქვეყანაში „ვაქცინაციის მარათონის“ ფარგლებში, ჯავახეთს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ეწვია.

სოფელ დილისკაში მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.  კითხვაზე: „რას უნდა ველოდოთ თბილისში მრავალათასიანი აქციის შემდეგ?“ NCDC-ის ხელმძღვანელმა განაცხადა:

„კარგად იცით, რომ ჩვენ, რამდენიმე ინტერვენციას ვირჩევთ.  ყველას გვიწევს ნიღბების ტარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველგან, ჩაკეტილ სივრცეში;  დისტანცია უნდა დავიცვათ და ყოველგვარ ღონისძიებას, იქნება ეს ქორწილი, თუ დაკრძალვა, თავი ავარიდოთ.  რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივესალმებით მსგავს მოვლენებს, როგორიც არ უნდა იყოს მათი მიზანი, ეს არის ვირუსის გავრცელების დიდი ფაქტორი, ინფექციის გავრცელების საფრთხე“.

27 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ქვეყნის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი, წინასაარჩევნო აქცია გაიმართა.  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აქციას 150 000 ადამიანი დაესწრო.  ახალქალაქიდან აქციაზე 1000-1700 ადამიანი ჩავიდა.