ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საბავშვო ბაღი გუშინ დაიხურა, რადგან ერთ -ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ასევე, 19 ოქტომბრიდან ახალქალაქის N5 საჯარო სკოლა დაიხურა, დაწყებითი კლასის ერთ – ერთ მასწავლებელს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

”დაწყებითი კლასის ერთ -ერთ მასწავლებელს დაუდგინდა კორონავირუსი.  სასწრაფოდ შევატყობინე რესურსცენტრს, სადაც მითხრეს, რომ მხოლოდ დაწყებითი სკოლის მოსწავლეების გადაყვანა შემიძლია ონლაინ გაკვეთილებზე, მაგრამ არ გავრისკე და ყველანი გადავედით ონლაინ სწავლრბაზე, 9 დღით, ”- ამბობს რუსლან ნახატაკიანი.

აღვნიშნავთ, რომ ქალაქის მე-5 საჯარო სკოლა პირველ ნოემბერს გაიხსნება.

ამჟამად, სოფელ სულდასა და ვაჩიანის საბავშვო ბაღები დახურული რჩება.

სოფელ ვაჩიანის საბავშვო ბაღის კოლექტივში კვლავ გამოვლინდა კორონავირუსის ორი შემთხვევა, რის გამოც, კარანტინი ერთი კვირით გაგრძელდა.

სოფელ სულდაში საბავშვო ბაღი ორშაბათს უნდა გახსნილიყო, მაგრამ ორ თანამშრომელს დაუდგინდა კორონავირუსი და ჯერჯერობით უცნობია გაიხსნება, თუ არა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება.

№2 საბავშვო ბაღის ქართული ჯგუფი ორშაბათს გაიხსნება.

საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორის თქმით, ბავშვების დასწრება ძალიან დაბალია, სოფლებში სამი მიზეზია: მინდორში მშობლები კარტოფილის კრეფით არიან დაკავებულები და ბავშვები თან მიჰყავთ, ზოგიერთი ბავშვი ავად არის და დანარჩენი ბავშვების მშობლებს ეშინიათ, რომ მათი შვილებიც დაავადდებიან.  ქალაქში კი ისინი ან ავადდებიან, ან ავადმყოფობის ეშინიათ.