23 მარტის 15:30 საათის მონაცემებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 325 ადამიანია თვითიზოლირებული, კარანტინში 27 ადამიანი იმყოფება. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, შესაბამისად, თვითიზოლაციაშია 183 და 4 ადამიანი კარანტინშია.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ავეტიკ ტონაკანიანის თქმით, ახალქალაქის არცერთ თვითიზოლირებულ პირს კორონავირუსის სიმპტომი არ აღმოაჩნდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ამ ხალხთან მუდმივი კავშირი აქვს.
მთლიანობაში ჯავახეთში თვითიზოლირებულია 508 ადამიანი. ახალქალაქიდან კარანტინის ზონაში გადაყვანილია 27 ადამიანი, ხოლო ნინოწმინდიდან ასეთია 4.
პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან, მას შემგერ, რაც საგანგებო მდგომარეობა იქნა გამოცხადებული, იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან ბრუნდებიან, პირდაპირ კარანტინში ათავსებენ.
ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობა, ასევე სამართალდამცავი ორგანოები საქართველოს ყველა მოქალაქეს სთხოვენ გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ყველა თვითიზოლირებულს სთხოვენ წესების გათვალისწინებას, მათი ახლობლების, ნათესავებისა და ნაცნობების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით არ დაარღვიონ ისინი.
საქართველოში ჯამში დაფიქსირებულია კორონავირუსის 54 შემთხვევა, მათ შორის 8 პაციენტი, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა. 23 მარტის 16:00 საათის მონაცემებით კარანტინშია 3320 ადამიანი, ხოლო 235 ადამიანი სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.