ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დღეს, 18 ოქტომბერს, დისტანციურ სწავლებაზე მე-3 საჯარო სკოლა გადავიდა. კორონავირუსი ერთ-ერთ მასწავლებელს დაუდასტურდა. საერთო ჯამში, დისტანციურად, მუნიციპალიტეტის 9 სკოლა მუშაობს.
დღეს, 18 ოქტომბერს, კორონავირუსის გამო, ახალქალაქის მე –3, ქართული სკოლა და სოფლების – ალასტანისა და ვარევანის სკოლები დაკეტეს, მეცადინეობა ონლაინ გრძელდება. სკოლები 12 დღის განმავლობაში დაიხურა.
საერთო ჯამში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დისტანციურად შემდეგი საჯარო სკოლები ფუნქციონირებს: N1 (თუმანიანის სახელი), N2 (რუსული სკოლა), N3 (ქართული სკოლა), N4 (დემირჩიანის სახელობის) საჯარო სკოლები, ასევე, სოფლების: სულდა, ვაჩიანი, ალასტანი, მაჯადია და ვარევანის სკოლები. სოფელ აბულის სკოლამ შენობაში სწავლა დღეს განაახლა, ის 4 ოქტომბრიდან მუშაობდა დისტანციურად.
პანდემიის ფონზე, სკოლები საქართველოში 4 ოქტომბრიდან გაიხსნა, მაგრამ კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაში, სკოლა დისტანციურ სწავლებაზე 12 დღის განმავლობაში გადადის.