თითოეულ ადამიანს უფრო მეტი წინდახედულება და პასუხისმგებლობა მართებს და ეს ყველასათვის არის გაკვეთილი, – განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბათუმში სახლის ჩამონგრევის ფაქტზე საუბრისას.
თურნავას თქმით, მოქალაქეებმაც მეტი უნდა ვიფიქროთ საკუთარ, ჩვენი მეზობლების უსაფრთხოებაზე. მისივე თქმით, მთავრობა კანონმდებლობაში შესაბამის ცვლილებებს განახორციელებს.
„პირველ რიგში, მეც მინდა, შევუერთდე მთავრობის წევრებს და ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამ დაღუპულების გამო. ოჯახის წევრებთან ერთად, ვიზიარებ მათ მწუხარებას. მართლაც ძალიან დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და მისმა შესაბამისმა ორგანოებმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებმა იმოქმედეს ძალიან სწრაფად, მაქსიმუმი გააკეთეს და მართლაც, გმირობის ტოლფასი იყო 24-საათიან რეჟიმში მიდიოდა სამძებრო სამუშაოები.
მსგავსი კატასტროფების დროს, რა თქმა უნდა, ლეტალური გამოსავალი ხშირია და სამწუხაროდ, მსხვერპლის გარეშე ვერ დასრულდა. ეს ფაქტი არის მართლაც დამაფიქრებელი. მიუხედავად იმისა, რომ იქ, იმ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც გამოძიება ძალიან სწრაფად წარიმართა და უკვე გამოკვეთილია დამნაშავეები და როგორც ჩანს, მოკლებული იყო შესაბამისი ორგანოები, ინფორმაცია ჰქონოდა, ესა თუ ის მოქალაქე თავის სარდაფში რას გააკეთებს, თუ არ შეატყობინებს შესაბამის სტრუქტურებს, რა თქმა უნდა ამას ვერ გავიგებთ და თითოეულ ადამიანს უფრო მეტი წინდახედულება და პასუხისმგებლობა მართებს და ეს ყველასათვის არის გაკვეთილი.
თუმცა, ჩვენ მართლაც დავიწყეთ მუშაობა და ვფიქრობთ იმაზე, რომ გავაფართოვოთ იგივე, მუნიციპალური სამსახურის უფლებამოსილებები, იგივე ინსპექციების, იგივე მუნიციპალური ინსპექციების, რომ მათ ჰქონდეთ უფრო მეტი წვდომა ინფორმაციებზე და მოქალაქეებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა. მოქალაქეებმაც უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ საკუთარ უსაფრთხოებაზე, ჩვენი მეზობლების უსაფრთხოებაზე და ჩვენ შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ კანონმდებლობაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.