ახალქალაქიდან დასავლეთით 8 კმ-ში მდებარეობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კიროვაკანი. როგორც სხვა სოფლებში, ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის მეურნეობითა და მეცხოველეობით არის დაკავებული. გამონაკლისი არც ისინი არიან, სოფელში აქვთ პრობლემები, დაწყებული სოფლის ცუდი გზებით დამთავრებული ზოგადად ფასების გაძვირებით.
სოფელში სულ 90 ოჯახი ცხოვრობს. აქედან ძირითადად რუსეთში გადადიან საცხოვრებლად. ხოლო ვინც რჩება სოფელში საარსებო წყაროს შოვნას ცდილობს. ამბობენ, სოფლის შრომას არ აფასებენ, პირიქით, დღითიდღე ძვირდება ყველაფერი, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გარდა.
„სოფლელს პრობლემები ყოველთვის აქვს. ახლა მოსავლის აღების დროა, ყველაფრის ფამსა მოიმატა, ხალხს ფული არ აქვს, თივა 3-დან 3,50 ლარამდეა, დიზელის საწვავი გაძვირდა. კარტოფილსაც არ აქვს ფასი. სასუქში 120 ლარი გადავიხადეთ და ახლა კარტოფილს ფასი არ აქვს. 1 ლარი მაინც უნდა ღირდეს, რომ სოფლის მცხოვრებმა მცირე მოგება მაინც მიიღოს, ფიზიკურ შრომას თუ არ ჩავთვლით. კარტოფილის თვითღირებულების დათვლა გვეშინია“, – ამბობს სოფლის მცხოვრები სტეპანიან ჰარუთი.
ის ამატებს, რომ სოფელს აქვს სარწყავი სისტემა, ასევე სასმელი წყალი, თუმცა ამ დროისთვის სასმელი წყალი არ არის საკმარისი, რადგან მოსახლეობა ამით მინდვრებს რწყავს.
სოფლის მინდვრებს ხელოვნური ტბის წყლით რწყავენ, რომელიც შარშანდელთან შედარებით გაძვირებულია, ახლა ჰექტარზე 1500 ლარს იხდიან. ტბით სარგებლობენ არა მარტო კიროვაკანის მცხოვრებლები, არამედ მიმდებარე სოფლებიც.
სოფლისკენ მიმავალი გზა ასფალტირებულია, მაგრამ სოფლის შიგნით გზები დანგრეულია, წვიმის დროს კი სრულიად გაუვალი ხდება.
გასწორების სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ქვიშას კი არ ყრიან, არამედ უბრალოდ ასწორებენ, რაც წვიმის შემდეგ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.
სოფლის უმთავრეს პრობლემად ახალგაზრდები სოფლის შიდა გზების ცუდ მდგომარეობას, ასევე გზის ნაპირებზე წყალკანალის ცუდ მდგომარეობას მიიჩნევენ.
„ასევე პრიორიტეტულ ამოცანებს შორის არის გზების გასწვრივ წყალკანალის გარემონტება, რათა წვიმის დროს წყალი არ ჩავიდეს ხალხის სახლებში. არის ადგილები, რომლებიც ჩაკეტილია, გატეხილია და საჭიროებს შეკეთებას. თუ ვიტყვით, რომ ჩვენს სოფელს ბევრი პრობლემა აქვს, ასე არ არის“, – ამბობს სოფლის ერთ-ერთი ახალგაზრდა, კარენ კარაგიოზიანი.
კიროვაკანში არის ახალგაზრდების დასვენების ცენტრი, აშენდა სტადიონი, ასევე კლუბი, რომელიც სურდათ შემოეღობათ, რომ პირუტყვი არ შემოსულიყო და დაებინძურებინა, მაგრამ დაიწყო მუშაობა და დაუმთავრებელი დარჩა.
წლის ამ დროს ახალგაზრდები ძირითადად სამუშაოდ მიდიან, ასრულებენ სხვადასხვა სოფლის სამუშაოებს, თავისუფალ დროს კი სტადიონზე ან სპორტდარბაზში ვარჯიშობენ. მათი თქმით, მათი უმეტესობა ახლა სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდის.