ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 30 მაცხოვრებელი, რომელიც 21 მარტს «ნინოწმინდის» საბაჟოს გავლით სომხეთიდან ჩამოვიდა საქართველოში, მთელი დღის განმავლობაში კარავში იცდიდა, ვიდრე მათი საკითხით სამცხე-ჯავახეთის გუბერნია დაკავდა. ახალქალაქის მერიიდან შეგვატყობინეს, რომ ყველა ახალციხის სასტუმროებშია მოთავსებული.
როგორც Jnews-მა ადრე შეგატყობინათ, 30 ადამიანი, რომელიც სომხეთიდან საქართველოში ჩამოვიდა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე 10 საათის განმავლობაში კარავში იცდიდა, ვიდრე მათ მოაკითხეს და კარანტინში გადაიყვანეს.
დღეიდან საქართველოში შემოსული ყველა მოქალაქის კარანტინში გადაყვანა გახდა აუცილებელი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან შემოვიდა ის. ამ ყველაფრის შედეგად საავადმყოფოები, ცენტრები და სასტუმროები, რომლებიც კარანტინის ზონად იყო გამოცხადებული, არ აღმოჩნდა საკმარისი. სამცხე-ჯავახეთში კარანტინის ზონებად სასტუმროები აქციეს.
მანამდე, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა შეგვატყობინა, რომ ახალქალაქის 16 მაცხოვრებელი კარანტინში ბათუმში გადაიყვანეს. თუმცა დადგინდა, რომ ეს ადამიანები ბათუმში არ გადაუყვანიათ. ისინი ახალციხის სასტუმროებში გაანაწილეს. ამჟამად ბოლო 6 კაციანი ჯგუფი გადაჰყავთ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არმენ მარანგოზიანმა Jnews-თან საუბარში თქვა, რომ ყველას ახალციხის საუკეთესო სასტუმროებში მოათავსებენ.
«ყველაფერი ჩვენი ჯანმრთელობისთვის კეთდება. ამ ხალხს საუკეთესო მომსახურების სასტუმროებში მოათავსებენ. აუცილებელი არ არის, რომ მათ ჰქონდეთ ვირუსი, ეს პრევენციის ზომებში კეთდება. ისინი იქ 14 დღის განმავლობაში იქნებიან და შემდეგ, თუ ვირუსი არ აღმოაჩნდებათ, სახლებში დაბრუნდებიან»,- ამბობს არმენ მარანგოზიანი.