ხვალიდან, 6 ოქტომბრიდან კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები იხსნება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კონცერტებზე დასწრება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი.
„იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება არსებული რეგულაციების დაცვით“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 12 აგვისტოდან სრულად იყო შეზღუდული ფესტივალების, გასართობი ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების გამართვა.