«ნინოწმინდის» სასაზღვრო პუნქტზე საქართველოს 30 მოქალაქე, რომელიც დღეს სომხეთიდან დაბრუნდა, დილიდან კარავში ელოდება. ისინი კარანტინში გადაყვანას ელიან.

«ჩვენ დილიდან, უკვე 10 საათია ერთ კარავში ვართ. აქ 30 ადამიანია, ყველა ერთად თავმოყრილი. თუ ვინმეს ჰქონდა ვირუსი, ახლა უკვე ნამდვილად ყველას გადმოგვედო. არ ვიცი რას ველოდებით, რაღაც საჭმელი დაგვირიგეს»,- ამბობს ერთი მოქალაქე, რომელიც სხვა დანარჩენებთან ერთდ საბაჟოზე იცდის.

ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თქმით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ბათუმში გადაიყვანენ კარანტინში, რადგან დღეიდან საქართველოში შემოსულ ყველა პირს კარანტინში ათავსებენ.

თუმცა, ის თუ ვის ეკისრება ამ ხალხის გადაყვანის პასუხისმგებლობა, ჯერ ვერ გავარკვიეთ. ნინოწმინდისა და ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში ამის შესახებ არაფერი იციან. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონალურ განყოფილებაშიც გვითხრეს, რომ ისინი პასუხისმგებლები არ არიან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გავარკვიეთ, კარანტინში გადაყვანილთა პასუხისმგებელია ჯანდაცვის სამინისტრო. Jnews-მა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა შეკითხვით, თუ კიდევ რამდენ ხანს მოიცდის ხალხი და როდის გადაიყვანენ მათ. ველით პასუხს.