საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციურ სწავლებას შორის. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – online.emis.ge

„ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.

ვინაიდან, უწყებათაშორისის საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში გაგრძელდება, გამონაკლისის სახით, მიმდინარე კვირას, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება 30 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით 00:00-23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია სარეგისტრაციო ველი.

სწავლის დისტანციური ფორმატის არჩევის შესაძლებლობით სარგებლობა შეეძლება საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს“, – აცხადებენ უწყებაში.

გარდა ამისა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ის მასწავლებლები, რომლებსაც მოუწევთ დისტანციური გაკვეთილების დამატებით ჩატარება, შესაბამის დანამატს მიიღებენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით, საკლასო ოთახებში გაგრძელდება. საბჭოს გადაწყვეტილებითვე, დასწრებული სწავლების შემთხვევაში, I-XII კლასების ჩათვლით მოსწავლეები, ვალდებული იქნებიან პირბადე ატარონ.