დღეს საქართველოში 1 თვის განმავლობაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. თუ რას ნიშნავს ეს, რა პასუხისმგებლობა და შეზღუდვები იქნა განსაზღვრული, Jnews-ის შეკითხვებზე ფონდ რონდელის უფროსი თანამშრომელი შოთა უტიაშვილი პასუხობს.
საგანგებო მდგომარეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის მიერ გამოცხადდა. ექსპერტის თქმით, ის უკვე მოქმედებს. პარლამენტს შეუძლია ეს არ მიიღოს, რაც დიდი ალბათობით არ მოხდება. შოთა უტიაშვილის განმარტებით, მოსახლეობისთვის საგანგებო მდგომარეობა ნიშნავს იმას, რომ თუკი დღემდე ხელისუფლების რჩევები სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა, ახლა უკვე ამის შესრულება სავალდებულო ხდება.
«თვითიზოლირების წესების დარღვევისათვის შემოიღეს ჯარიმა, ხოლო ხელმეორე დარღვევის შემთხვევაში შეუძლიათ დაპატიმრებაც. მთავარი, რაც მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს- აიკრძალა ღონისძიებები, სადაც 10 ადამიანზე მეტი შეიკრიბება. ეს ნისნავს იმას, რომ დაბადების დღეები ან 10 კაცზე მეტის მონაწილეობით სხვა ღონისძიებები აიკრძალა»,- ამბობს შოთა უტიაშვილი.
ექსპერტის აზრით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე არანაკლები გავლენა მოახდინა საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებამ, საეკლესიო მსახურების შეუიცვლელობის შესახებ.
«როდესაც ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ საეკლესიო მსახურება ჩვეულებრივად ჩატარდება, მითუმეტეს, რომ აღდგომის დღესასწაული ახლო მომავალში უნდა აღინიშნოს, ვირუსის გავრცელების საფრთხე დიდი რჩებოდა. ახლა, არაუმეტეს 10 კაცის მონაწილეობით მასიური ღონისძიებების აკრძალვაში საეკლესიო შეკრებებიც შედის»,- ამბობს ის.
თუ როგორ გააკონტროლებენ მაღაზიებში არაუმეტეს ათი კაცის თავმოყრას, ჯერ ცნობილი არ არის.
ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა უკიდურესი შემთხვევა არ არის, რადგან არ გამოცხადებულა კომენდანტის საათი. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მის დაწესებას ჯერაც არ აპირებენ.
საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობა მომარაგებული უნდა იყოს საქონლით.
ექსპერტის თქმით, საგანგებო მდგომარეობის სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, კერძო ბიზნესის საკუთრების უფლების შეზღუდვა დააწესოს.
«მაგალითად, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა უფლებამოსილია საკარანტინო საიზოლაციო სამედიცინო მიზნებისა და მკურნალობისათვის გამოიყენოს კერძო კლინიკები, ასევე ხელისუფლებას შეუძლია კერძო ბიზნესისა და სასტუმროების გამოყენება იმისათვის, რომ კარანტინი იქ გაგრძელდეს»,- ამბობს ის.
აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს ფასების რეგულირებას მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე.
«ესაც მისაღები და გასაგებია, რადგან ბევრი გადახდისუუნარო ხდება, ამასთანავე კურსის დაცემასთან ერთად აღინიშნება ფასების მატება»,- ხსნის ექსპერტი.
იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ახლა, როდესაც საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ძალიან ნელი ტემპით იზრდება, ექსპერტმა გვიპასუხა:
«სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, 100 შემთხვევამდე რიცხვი ნელა მატულობს, მაგრამ, 100 შემთხვევის შემდეგ ინფექცია გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. გასათვალისწინებელია ის, რომ შეიძლება რიცხვი ძალიან სწრაფად გაიზარდოს»,- ამბობს ის.
თუმცა, საქართველოში ძალიან მალე, მე-3 შემთხვევის შემდეგ, დაიწყეს ვირუსის გავრცელების წინაარმდეგ ბრძოლა, ეს იმედს გვაძლევს, რომ საქართველო კორონავირუსის პანდემიის გადალახვას ადვილად შეძლებს.