ბათუმში ხელოვნური კუნძული აშენდება – ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ ტელეკომპანია “იმედთან” ისაუბრა.

რიჟვაძე ამბობს, რომ პროექტზე დიზაინერთა და არქიტექტორთა საერთაშორისო ჯგუფი იმუშავებს.

“ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ ერთი სიახლე – უკვე შევთანხმდით კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმას მსგავსი ხელოვნური კუნძული. საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული. წელს დავიწყებთ სიღრმისეულ კვლევებს. მოვიწვევთ საერთშორისო არქიტექტორებს, დიზაინერებს, მშენებლებს და როგორც კი კონკრეტული ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა დამტკიცდება, უკვე ძალიან მალე დაიწყება მისი მშენებლობა. რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ეს იქნება ერთი მხრივ უნიკალური პროექტი თავისი მნიშვნელობით და შევძლებთ მსოფლიო პროგრესს უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი და ზღვაშიც შევძლოთ ახალი ტურისტული ლოკაციის გაჩენა და ამას, რა თქმა უნდა, დაემატება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და სამუშაო ადგილები”, – თქვა რიჟვაძემ.

“პალმის ხელოვნური კუნძულით” ცნობილი დუბაია. ხელოვნური არქიპელაგის შემადგენლობაში იქ სამი დიდი კუნძული შედის.