ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 20 მარტის 14:20 საათის მონაცემებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თვითიზოლირებულია 233 ადამიანი. არის პიროვნება, რომელიც თვითიზოლირების წესების დარღვევის გამო მოათავსეს კარანტინში. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში თვითიზოლირებულია 148 ადამიანი.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ავეტიკ ტონაკანიანის თქმით, თვითიზოლირებულთა შორის ახალქალაქის არცერთ მაცხოვრებელს კორონავირუსის სიმპტომი არ აღმოაჩნდა, ყველა კარგად გრძნობს თავს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მათთან მუდმივი კავშირი აქვს.
ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ტიგრან ეგოიანის მტკიცებით, მათ მუნიციპალიტეტშიც არავის აღმოაჩნდა კორონავირუსის რაიმე ნიშანი.
«ყველა კარგად გრძნობს თავს, ყველა გაფრთხილებულია, რომ სახლიდან არ გავიდეს»,-თქვა ტიგრან ეგოიანმა.
ჯავახეთში 382 ადამიანია თვითიზოლირებული. აბასთუმნის ფილტვის ცენტრში 41 ადამიანი იმყოფება კარანტინში. მათგან ორი ჯავახეთიდანაა. ერთ-ერთი მათგანი ახალქალაქელია. წესების დარღვევის გამო გუშინ ის იძულებით გადაიყვანეს კარანტინში. მეორე მოქალაქე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია, რომელიც «ნინოწმინდის» საბაჟოდან 16 მარტს იყო გადაიყვანილი.
აბასთუმნის ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის კლინიკური მენეჯერის კახა ბერიძის თქმით, ყველა კარგად გრძნობს თავს, კორონავირუსის სიმპტომები არცერთს არ აქვს.
პრევენციულ ზომებში, ყველა მოქალაქეს, რომელიც სხვა ქვეყნიდან ბრუნდება საქართველოში და დაავადების სიმპტომი არ აღენიშნება, აკონტროლებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრები. 14 დღის განმავლობაში ეს ადამიანები თვითიზლირებულნი უნდა იყვნენ და უნდა გაითვალისწინონ ზოგიერთი წესი და რჩევა. თუ საზღვრის გადაკვეთისას მოქალაქეს აქვს ტემპერატურა ან დაავადების სხვა სიმპტომები, მას კარანტინში ათავსებენ. კარანტინში გაყავთ ის ადამიანები, რომლებიც თვითიზოლირების წესებს არღვევენ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჩნდებიან.
16 მარტიდან სომხეთიდან საქართველოში შემოსული ყველა მოქალაქე თვითიზოლირებულია, იმისათვის, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, მოსახლეობას მასიურად არ გადაედოს ინფექცია. თვითიზოლირება გულისხმობს ადამიანის სახლში ყოფნას. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ერთ ოთახში უნდა იყვეს და არ ჰქონდეს კონტაქტი ოჯახის სხვა წევრებთან, მათი დაცვის მიზნით. ადამიანი თვითიზოლირებულია 14 დღის განმავლობაში, რადგან თუ ამ ხნის განმავლობაში არ ექნება კორონავირუსის სიმპტომები (ტემპერატურა, ყელის ტკივილი, გაციება), ესე იგი ადამიანი არ არის ინფიცირებული. მე-15 დღეს მას შეუძლია თვითზილორებიდან გამოსვლა.
ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანოები, ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე სამართალდამცავი ორგანოები საქართველოს მოქალაქეებს სთხოვენ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა შეინარჩუნონ, ყველა თვითიზოლირებულს სთხოვენ წესების გათვალისწინებას, მათი ახლობლების, ნაცნობების, ნათესავებისა და მთლიანი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 43 შემთხვევა, მათ შორის ერთი პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელდა და 16 მარტს იყო გაწერილი საავადმყოფოდან. 20 მარტის 14:00 საათის მონაცემებით 1925 ადამიანი კარანტინშია, ხოლო 271 სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 10 000-ზე მეტი ადამიანი თვითიზოლაციაშია. საქართველოში კორონავირუსის ტესტი 10100 ადამიანზე მეტს გაუკეთდა.