სოფელ კოჩიოს კლუბი ავარიულ მდგომარეობაშია, მაგრამ ადგილობრივ ბიუჯეტს ჯერ არ აქვს სარეაბილიტაციო სახსრები.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს კლუბი ავარიულ მდგომარეობაშია, ჭერი დანგრეულია, ფანჯრებზე შუშები არ არის, დარბაზი ნაგვით არის სავსე. სკამები დაფარულია ობით, კედლები ჭუჭყიანია და ნესტისგან თაბაშირი ცვივა, იატაკი დამპალია. ძველი დიდებიდან, მხოლოდ ჭაღები და ფარდები შემორჩა.
ვარდანუშ აკობიანი ამ კლუბში 45 წლის განმავლობაში მუშაობდა და ასწავლიდა ბავშვებს ცეკვებს და სიმღერებს. ის ნოსტალგიით იხსენებს წლებს, როდესაც კლუბი ნორმალურ მდგომარეობაში იყო და მოქმედებდა, დღეს კი, მწუხარებით გვაჩვენებს კლუბის დანგრეულ შენობას.
“ლისიკ კოშიანი და თოვმას პოღოსიანი გამოდიოდნენ ამ დარბაზში. ისინი ჩემთანაც კი ირცებოდნენ. ახლა ყველაფერი განადგურებულია. მუშაობის მსურველები ახლაც არიან. რომ გაერემონტებინათ, ახალგაზრდობა დაკავდებოდა, დროს გაატარებდა. რამდენჯერაც იყვნენ აქ ხელისუფლების წარმომადგენლები, იმდენჯერ ვაჩვენე და ვთხოვე კლუბის შეკეთება. ისინი დაპირებას იძლევიან, მაგრამ არ აკეთებენ”, – თქვა ვარდანუშ აკობიანმა.
“ვაჩვენებდი უნანიანს (ახალქალაქის მერი), ვთხოვე გამოეყო 3000-4000 ლარი, დანარჩენს კი დავამატებდით და გავარემონტებდით კლუბს. მათ შვილებს, რატომ შეუძლიათ წასვლა მავრას კონცერტზე (სომხეთის მომღერალი ჯავახეთიდან), მაგრამ ჩვენებს არა? ჩემი შვილიშვილი მიდის ქალაქში სიმღერების და ცეკვის სასწავლებლად”, – ამბობს სოფლის მკვიდრი არტურ ბალასანიანი.
კლუბის დერეფანი 5 წლის წინ სახელმწიფო სახსრებითა და თანასოფლელების დახმარებით, ერთობლივი ძალისხმებით გარემონტდა. ოთახი ზამთარში სოფლის მოსახლეობის თავშეყრის ადგილი გახდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, იურიკ უნანიანი არ უარყოფს, რომ სოფლის მოსახლეობამ მას მიმართა კლუბის რეაბილიტაციის მოთხოვნით.
“ჩვენ სოფელ კოჩიოში ავაშენეთ საბავშვო ბაღი, მაგრამ ჯერ კიდევ არ გვაქვს სახსრები კლუბის რეაბილიტაციისთვის. მიზეზი ფინანსებია. სოფლის მცხოვრებლებმა შესთავაზეს მისი შეკეთება “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” სახსრებით, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს, რადგან საკმარისი არ იქნებოდა”, – თქვა იურიკ უნანიანმა.
სოფელ კოჩიოს კლუბი 1957 წელს აშენდა.