13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო იყო შეჩერებული.

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 14 აგვისტოს დაწესდა. ტრანსპორტის მოძრაობა 4 სექტემბრიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

ამასთან, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, სხვა დანარჩენი შეზღუდვები ამ ეტაპზე ძალაში რჩება.