კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალები, 21 მარტიდან, ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის. ყაზარმული მდგომარეობის დროს ჯარისკაცებს სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება ეზღუდებათ.

როგორც თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს,  პრევენციული ზომები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზაზე ვირუსის გავრცელების ალბათობას, ასევე, მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების დაცვას. ბაზებზე სამხედროები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭიროებით. თვითიზოლაციაში მყოფი სამხედრო სამსახურეების მიერ შესაბამისი წესების დაცვაზე კონტროლს კი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს.

„ჩემი, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის უპირველესი პრიორიტეტი ჩვენი ჯარისკაცების და მათი ოჯახის წევრების დაცვაა. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება და 21 მარტიდან კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის. ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება, თავდაცვის სამინისტრომ პირველივე დღეებიდან აქტიურად დაიწყო. 12 მარტს, მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, თავდაცვის უწყების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ამავე ბრძანების მიხედვით, სამსახურში გამოცხადება გარკვეულ პირთა კატეგორიას აეკრძალა.

“საქართველოში დაბრუნებიდან ორი კვირის განმავლობაში სამსახურში არ უნდა გამოცხადდეს თავდაცვის უწყების თანამშრომელი, იმ შემთხვევაში თუ: თავად, ან მისი ოჯახის წევრები ამ ბრძანების გამოცემამდე ბოლო ორი კვირის მანძილზე იმყოფებოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ; მასთან კონტაქტი ჰქონდა უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ პირს; პირდაპირი, ან ირიბი კონტაქტი ჰქონდა, როგორც პირადად, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით იმ პირთან, რომელიც იმყოფება თვითიზოლაციაში, ან კარანტინში, ან დაუდასტურდა კორონავირუსი.

ასევე, შემდგომ განკარგულებამდე სამსახურში გამოცხადება ეკრძალება: გრიპისმაგვარი დაავადების, ან მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე პირს; ორსულ ქალს; ქრონიკული დაავადების, სხვადასხვა სახის იმუნოდეფიციტის მქონე პირს.

თანამშრომლები ვალდებულნი არიან მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას და ინფორმაცია მიაწოდონ უშუალო ხელმძღვანელს”, – წერს მინისტრი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ვირუსის მაქსიმალური პრევენციის მიზნით, უწყების თითოეული თანამშრომელი ვალდებულია, შეავსოს სპეციალური კითხვარები. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება. უწყებაში საგანგებო თათბირები სამინისტროს მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით იმართება. სპეციალური ჯგუფები ამოწმებენ სამხედრო მოსამსახურეების ტემპერატურას. შენობებში ხელმისაწვდომია შესაბამისი სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებები.