იმ პირებს, რომლებიც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ სავალდებულო თვითიზოლაციას დაექვემდებარნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, თვითნებურად არღვევენ მათთვის დადგენილ რეჟიმს, იუსტიციის სახლი არ მოემსახურება, – ამის შესახ განცხადებას იუსტიციის სახლი ავრცელებს.
როგორც იუსტიციის სახლში აცხადებენ, გარდა იმისა, რომ არ მოემსახურებიან თვითიზოლაციას დაქვემდებარებულ პირებს, იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები იუსტიციის სახლში მივლენ, უწყების წარმომადგენლები სამართალდამცავ ორგანოებს გამოიძახებენ, რის შემდეგაც, მათ საკარანტინო ზონაში იძულებით გადაიყვანენ.
იუსტიციის სახლში მისვლის ალტერნატივად კი, ასეთ პირებს შეუძლიათ ონლაინ კონსულტაცია გამოიყენონ:
“ვთავაზობთ ასეთ მოქალაქეებს, დაუკავშირდნენ დისტანციურად მომუშავე ჩვენს თანამშრომლებს კონსულტაციისთვის და ისინი შეეცდებიან იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს სერვისის მიწოდების გადაუდებელი აუცილებლობა, დაეხმარონ მათ საკუთარი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებაში.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში თვითიზოლაციის დამრღვევი პირების ვიზიტის არაერთი ფაქტი გამოვლინდა, რის გამოც დროებით მუშაობა შეაჩერა გლდანის საზოგადოებრივმა ცენტრმა, ასევე 17 და 18 მარტს მომხმარებელს არ ემსახურებოდა თელავის იუსტიციის სახლი”, – წერია განცხადებაში.
საქართველოში, 20 მარტის დილის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსის დადასტურებული 43 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელდა მხოლოდ 1 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 925 პირი, ხოლო სტაციონარში, ექიმების მეთვალყურეობას 271 გადის.