სექტემბერში სოფელ აზავრეთის სკოლის მოსწავლეები ახლად გარემონტებულ და კეთილმოწყობილ სკოლაში მივლენ. სკოლა მთლიანად გარემონტდა, დაიხარჯა 1 839 006,31 ლარი.
სკოლის დირექტორი სლავიკ ეგიაზარიანი 1995 წლიდან ელოდებოდა ამ დღეს.
”დიდი ხანია ველოდებით ამ მომენტს, 1995 წლიდან ვარ დირექტორი, იმ დღიდან ჩემი მიზანი იყო სოფელში ყოფილიყო კეთილმოწყობილი სკოლის შენობა, ჩემი ოცნება ახდა”,-ამბობს ეგიაზარიანი.
დირექტორი აღნიშნავს, რომ ის პროფესიით არ არის მშენებელი, მაგრამ კმაყოფილია შესრულებული სამუშაოთი, რადგან პირველი დღიდან მათთან იყო და თვალს ადევნებდა სამუშაოებს.
”სულ მშენებლებთან ვიყავი სარემონტო სამუშაოების დროს. რამდენადაც მე მესმის, მათ ყველაფერი გააკეთეს. ყოველთვის ვთხოვდი მათ ერთ რამეს, ხარისხიანად შეესრულებინათ სამუშაო. ვთვლი, რომ მათ შეძლეს შესაძლებლობის ფარგლებში ხარისხიანად აშენება. ვინც არ არის მშენებელი, მაშინვე იგრძნობს სამუშაოს ხარისხს“, – აღნიშნავს დირექტორი.
სკოლაში 168 მოსწავლეა, 29 მასწავლებელი, პერსონალი მთლიანად 37 ადამიანია.
შენობა შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს: ახალი საკლასო ოთახები, ლაბორატორია, სველი წერტილები (მათ შორის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის) და სხვა. სკოლის ეზოში არის პატარა სტადიონი, შიგნით სპორტული დარბაზი არ არის.
სკოლას აქვს ცენტრალური გათბობის სისტემა.
სკოლის შენობის გარე კედლებზე უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერებიც.
ასეთი სკოლის ქონა ყველა სოფლის ოცნება იყო. სოფლის მოსახლეობა დიდი ხანია ელოდება განახლებული სკოლის გახსნას.
ელმირას სასკოლო ასაკის ორი შვილი ჰყავს. ერთი ბავშვი მე –9 კლასშია, მეორე კი მე –5 -ში. ის ბედნიერია და უკვე მშვიდადაა, რადგან შეუძლია შვილების უსაფრთხო სკოლაში გაგზავნა.
”ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ასეთი სკოლა გვაქვს. მართალია, ჯერ არ ვყოფილვართ შენობის შიგნით, მაგრამ გარედან ჩანს, რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის გარემონტებული. ახლ შენობას ძველი სკოლის შენობა ვერ შეედრება. ბავშვები მოუთმენლად ელიან ახალ სკოლაში გადასვლას”, – ამბობს ელმირა.
”მე ერთი კვირის წინ ვიყავი სკოლაში, ბევრი სამუშაო გაკეთდა. ძველი შენობა ინგრეოდა, გაკვეთილები ტარდებოდა ვაგონებში და კერძო სახლებში, მშობლები ბავშვებს ამ შენობაში სწავლის უფლებას ვერ აძლევდნენ, ძალიან საშიში იყო. ახლა ყველაფერი მშვენიერია. ძალიან ბედნიერები ვართ, ” – ამბობს აზავრეთის მცხოვრები მიხაილ აივაზიანი.
აღსანიშნავია, რომ ძველი სკოლის შენობა მშენებლობის შემდეგ 1999 წელს გარემონტდა, რომლის გახსნასაც ესწრებოდა საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. თუმცა, კაპიტალური რემონტი იმ დროს სათანადოდ არ ჩატარებულა და ერთ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ, სკოლის სახურავმა დაიწყო ჩამონგრევა.
აღსანიშნავია, რომ აზავრეთის სკოლის რეკონსტრუქციის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, ტენდერი მოიგო ორგანიზაციამ – «ჯგუფი ამხანაგობა არპი». ხელშეკრულების მიხედვით – 1.839.006.31 ლარი.
წაიკითხეთ სოფელ აზავრეთში არსებული საჯარო სკოლის წინა მდგომარეობის შესახებ შემდეგ ბმულებზე:
სოფელ აზავრეთიდან სკოლის მოსწავლეების გადაყვანის საკითხი არ მოგვარებულა
სოფელ აზავრეთის სკოლაში გაფიცვა შეაჩერეს
აზავრეთში გაფიცვის დასრულების მიზნით ახალ სკოლას ითხოვენ
აზავრეთში გაკვეთილები ექსტრემალურ პირობებში ტარდება