პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველო სამწუხაროდ, ვირუსის გავრცელების იმ ფაზაში გადადის, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის გაზრდას მიანიშნებს.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება და სამედიცინო სექტორი მაქსიმალურ აკეთებენ იმისთვის, რომ დაავადების გავრცელების შეკავება მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს, თუმცა, არსებული პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ საქართველოში დაავადებული ადამიანების რიცხვის ზრდა არის მოსალოდნელი.
“მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ღონისძიებები საჯაროდ აღიარებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან, ასევე, ამ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ორგანიზაციებისგან. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ისეთი ფაქტებიც, როდესაც ამ გადაწყვეტილებებს არ ემორჩილებიან ჩვენი თანამოქალაქეები, რაც ქმნის კიდევ უფრო მეტ საფრთხეს თითოეული მათგანისთვის და სხვებისათვის. აუცილებელია, დავექვემდებაროთ ყველა იმ შეზღუდვას, რომლებიც არის გამოყენებული და რომლებიც არის აუცილებელი თითოეული ჩვენგანისთვის, დავიცვათ მაქსიმალური სოციალური დისტანცირება, დავრჩეთ სახლში, რათა ყველა ერთად მოვერიოთ კორონავირუსს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით, შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება, მაგრამ ეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ნიშნავს.
თითოეულ სამინისტროს, საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით და თითოეულ სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია, დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც შესაძლებელია უახლოეს პერიოდში ამოქმედდეს.
“თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე და ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზა, ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ მიმართულია პრევენციულ ღონისძიებებზე“, – განაცხადა ჩიქოვანმა.