ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია გავრცელდა. ხალხი ერთმანეთს უყვება იმის შესახებ, რომ ასპინძაში კორონავირუსით ადამიანი გარდაიცვალა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გთხოვთ, არასწორ ინფორმაციას ნუ ავრცელებთ.
Jnews -ის რედაქციაში ზარი შემოვიდა. მოქალაქებს სურდათ დაეზუსტებინათ, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს, რომ ასპინძაში კორონავირუსით ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენ დავაზუსტეთ, ასეთი შემთხვევა არც ასპინძაში და არც მთლიანად საქართველოში არ ყოფილა. სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაც კი, არ დაფიქსირებულა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების მონაცემებით, 19 მარტის 14:00 საათისთვის რეგიონში, 143 ადამიანია თვითიზოლირებული. აბასთუმნის ფილტვის ცენტრში 18 ადამიანი კარანტინში იმყოფება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამჟამად, თვითიზოლაციაში 22 ადამიანია. ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანი სომხეთიდან არის ჩამოსული, მხოლოდ ერთია საბერძნეთიდან ჩამოსული, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფება. მათ კორონავურისის სიმპტომები არ ჰქონდათ, თვითიზოლაცია საჭიროა იმაში დასარწმუნებლად, რომ 14 დღის განმავლობაში სიმპტომები არ გამოუვლინდებათ.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის, ავეტიკ ტონაკანიანის თქმით, ყველა თვითიზოლირებული თავს კარგად გრძნობს. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს მათთან მუდმივი კავშირი აქვს. თვითიზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამის სამედიცინო ცენტრებსა და საავადმყოფოებს აქვთ უფლება პირი კარანტინში მოათავსონ.
საქართველოში, კორონავირუსის 40 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, ერთი პაციენტი განიკურნა, მან საავადმყოფო 16 მარტს დატოვა. 19 მარტის 14:00 საათისთვის 1592 ადამიანი კარანტინში რჩება, ხოლო 262 სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ არის.