შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.
„სამინისტროს თანამშრომლები, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს აქტიურად ახორციელებენ. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტი გამოვლინდა. იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებიდან, ასევე, თბილისიდან მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილნი. ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 127 ადამიანია გადაყვანილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.