სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში, ახალქალაქში 2021 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი გაიმართა.
წელს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო, 25-ე გამოშვება იყო. საზეიმო ცერემონიალს უნივერსიტეტის ხელძღვანელები, ლექტორები, კურსდამთავრებულები და მშობლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, მაკი ბერიძის მისასალმებელი სიტყვით დაიწყო.
”ახალქალაქში საუნივერსიტეტო განათლებას 20 წელი უსრულდება. მინდა ყველა ერთად მივესალმოთ პროფესორ მერაბ ბერიძეს, რომლის წყალობითაც 30 წლის წინ, ახალციხეში უნივერსიტეტი გაიხსნა. უნივერსიტეტი, რომელიც დგას სამ მთავარ ღირებულებაზე. ეს არის თავისუფლება – თქვენ ხართ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა, ეს არის ეროვნულობა – ამ უნივერსიტეტში არცერთ თქვენგანს საკუთარი ეროვნულობა არ დაუკარგავს და ტოლერანტობა – ჩვენ გვაქვს ერთი საერთო ქვეყანა, ერთი საერთო სამშობლო. ამ სამი მთავარი ღირებულების ერთად თანაარსებობის მაგალითია სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი “, – აღნიშნა მაკა ბერიძემ.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის კორპუსის 30 კურსდამთავრებულიდან 4-მა სტუდენტმა – ლუსი კურგინიანმა, ქრისტინე აივაზიანმა, მარიეტა ჭორუღიანმა და ნელი ბაბაჯანიანმა წარჩინებული ხარისხის წითელი დიპლომები მიიღეს.
კურსდამთავრებულებს ეს განსაკუთრებული თარიღი მიულოცეს: რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, მერაბ ბერიძემ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, მანანა ოსიძემ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეულმა დოქტორმა, სოფიკო გვარამაძემ.
ცერემონიის ბოლოს მანტიით შემოსილმა კურსდამთავრებულებმა, ტრადიციის თანახმად, ქუდები ცაში ააფრიალეს.