ახალქალაქის ცენტრალური პარკის (“ხას ბახჩა”) რემონტი მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში ღობეს მოხატავენ, მაგრამ რა ფერი და რა სტილი იქნება, ჯერ არ იციან. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩაატაროს მოსახლეობის გამოკითხვა, თუ რა ფერის ღობე სურთ.
პარკის რეაბილიტაციის პროექტის თანახმად ადგილობრივ ქვებს მოხატავენ. დამონტაჟდება ტრენაჟორები. შადრევნის კასკადი უცვლელი დარჩება, მხოლოდ მისი მიმდებარე ტერიტორია და განათება განახლდება. პარკის შესასვლელთან კარებს გააუქმებენ.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია პარკის განათება. გამწვანებულ ადგილებში დაგეგმილია ქუჩის განათების ბოძების დამონტაჟება არქიტექტურული ელემენტებით. დამონტაჟდება 52 მეტრიანი ბოძი.
7 ივლისს, “ხას ბახჩას” პარკში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მერიის ინფრასტრუქტურისა და დაგეგმვის სამსახურების თანამშრომლებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად პარკის რეაბილიტაციის პროცესი განიხილეს. დისკუსიისას აღმოჩნდა, რომ ღობის ფერი პროექტში აღნიშნული არ არის. თავდაპირველად ანტიკვარულ სტილში შეღებვა დააპირეს, თუმცა, შემდეგ ახალქალაქის მოსახლეობაში გამოკითხვის ჩატარება გადაწყდა.
Jnews-ი გთავაზობთ ღობის რამდენიმე, სავარაუდო ვარიანტს. თქვენი ვარიანტი შეგიძლიათ ამავე მასალის კომენტარებში მიუთითოთ, ან მონაწილეობა Facebook გამოკითხვაში მიიღოთ.