დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების ინფორმაციით, 18 მარტს 11:00 საათის მონაცემებით, რეგიონში 120 ადამიანია თვითიზოლირებული. აბასთუმანის ფილტვის ცენტრში 17 ადამიანი კარანტინშია.
ამჟამად ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 21 ადამიანია თვითიზოლირებული. ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანი 16-18 მარტს სომხეთიდან ჩამოვიდა.
ყველა ის მოქალაქე, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნიდან ბრუნდება, პრევენციის მიზნით მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ კონტროლირდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ვირუსის ნიშნები არ გააჩნია. ეს ადამიანები 14 დღის განმავლობაში უნდა იყვნენ თვითიზოლირებული, არ უნდა გამოვიდნენ სახლიდან გარეთ და არ უნდა ჰქონდეთ ხალხთან ურთიერთობა , ანუ უნდა დაიცვან გარკვეული წესები და რჩევები .
იმ შემთხვევაში, თუ საზღვრის გადაკვეთისას მოქალაქეს აქვს ტემპერატურა და დაავადებათა სხვა სიმპტომები, მას კარანტინში უშვებენ. კარანტინში გადიან ასევე ის ადამიანები, რომლებიც თვითიზოლირების წესებს არღვევენ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დადიან.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ავეტიკ ტონაკანიანის თქმით, ახალქალაქში თვითიზოლირებაში მყოფ არცერთ მოქალაქეს არ აღენიშნება კორონავირუსის ნიშნები, ყველა კარგად გრძნობს თავს. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს ამ ხალხთან მუდმივი კავშირი აქვს.
სამცხე-ჯავახეთში ჯამში თვითიზოლირებულია 120 ადამიანი. აბასთუმნის ფილტვის დაავადებულთა ცენტრში კარანტინში არის 18 ადამიანი. აბასთუმნის ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის კლინიკური მენეჯერის კახა ბერიძის თქმით, დღეს დილით კარანტინში 18 პირი იყო.
«თუმცა ერთი საათის წინ ერთი ადამიანი კიდევ დაემატა, ამჟამად ფილტვის ცენტრში 18 პაცინეტია კარანტინში»,- ამბობს კახა ბერიძე.
ბოლო პაცინეტი თვითზოლირების წესების დარღვევის გამო გადმოიყვანეს.
კახა ბერიძის თქმით, ყველა პაციენტი თავს კარგად გრძნობს, არცერთს არ აქვს კორონავირუსის სიმპტომი, მათ შორის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოქალაქეს, რომელიც «ნინოწმინდის» საბაჟოდან 16 მარტს გადაიყვანეს.
საქართველოში კორონავირუსის 38 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის ერთი პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელდა და ჰოსპიტალიდან 16 მარტს გაიწერა. 18 მარტის 16:00 საათის მონაცემებით 1344 ადამიანი კარანტინშია, ხოლო 216 მოქალაქე სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.