დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი სამება ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრში გახშირებული მიწისძვრებით მოექცა. მხოლოდ გუშინ ამ ტერიტორიაზე სამი 3-4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხზე სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, თეა გოდოლაძეს დაუკავშირდა და გააქტიურებული სეისმური მოვლენების მიზეზებზე ჰკითხა.
გოდოლაძე აცხადებს, რომ ზოგადად ჯავახეთის ქედი სეისმურად ყველაზე აქტიური რეგიონია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი პატარა მიწისძვრა სწორედ ჯავახეთში ხდება. მისი თქმით, გასული თვისა და 8 დღის განმავლობაში ჯავახეთის ქედზე 1 115 პატარა მიწისძვრა მოხდა.
მისი თქმით, ეს ექსპერტებისთვის გასაკვირი არ არის, ვინაიდან ჯავახეთი, გარდა ტექტონიკური აქტივობებისა, პოსტვულკანური აქტივობებითაც ხასიათდება, რაც მიწისძვრებში გამოიხატება, და გამომდინარე იქიდან, რომ ჯავახეთის ქედი ვულკანური წარმოშობისაა, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ამჯერადაც სეისმური აქტივობების სერია მაგმური პროცესებითაა გამოწვეული:
“რომ ნახოთ მიმდინარე აქტივობის რუკა, შეამჩნევთ, რომ ძირითადი სეისმურობა არის რაჭაში, კახეთსა და ჯავახეთში. ჯავახეთი ყველაზე სეისმურად აქტიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე ბევრი პატარა მიწისძვრა ხდება ჯავახეთში. ამიტომ ეს ჩვენთვის გასაკვირი პროცესი ნამდვილად არ არის. გარდა იმისა, რომ ტექტონიკური აქტივობა იყო ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი, ასევე, პოტსვულკანურიც აქტივობაც.
ეს სეისმურად გამოიხატება, ანუ მიწისძვრები ხდება. მიწისძვრები ხდება ჯავახეთის ქედზე. ჩვენ ასე გვგონია, რომ ვულკანური პროცესია, ამას კვლევა და დამტკიცება სჭირდება, რაც კომპლექსური პროცესია. 3-მაგნიტუდიანი 1 115 მიწისძვრაა მომხდარი თვესა და 8 დღეში მხოლოდ ჯავახეთის ქედზე და ეს ძალიან დიდი რაოდენობაა”, – ამბობს თეა გოდოლაძე “ნეტგაზეთთან”.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ჯავახეთში ჩამქრალი ვულკანებია, თუმცა რეგიონისთვის პოსტვულკანური მაგმური აქტივობაა დამახასიათებელი:
“ანუ, მაგმა რომ მოძრაობს, ის იწვევს მიწისძვრებს”, – ამბობს გოდოლაძე.
მისი თქმით, ამჟამად რეგიონზე მონიტორინგი მიმდინარეობს და აცხადებს, რომ ეს სპეციალისტებისთვის უფრო საინტერესო პროცესია, ვიდრე მოსახლეობისთვის, და განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს.