ვგმობთ 5 ივლისს საქართველოში განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმას სამოქალაქო აქტივისტების, საზოგადოების წევრებისა და ჟურნალისტების მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველებს, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ხალხს, უფლება აქვთ, გამოხატონ საკუთარი შეხედულებები მაშინაც კი, როცა ეს შეხედულებები არაპოპულარული ან წინააღმდეგობრივია.
„ჩვენ ვგმობთ 5 ივლისს საქართველოში განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმას სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებზე, ჟურნალისტებზე. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვის და თავისუფალი შეკრების კონსტიტუციური უფლება და დააკავონ მოძალადეები.
ქართველებს, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ხალხს, უფლება აქვთ გამოხატონ საკუთარი შეხედულებები მაშინაც კი, როცა ეს შეხედულებები გარკვეულ კონტექსტში არაპოპულარული ან წინააღმდეგობრივია.
გვინდა, შევახსენოთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, სამართალდამცავ ორგანოებს და დაწესებულებებს მათი ვალდებულებების შესახებ, რომ დაიცვან ყველა, ვინც იყენებს საკუთარ კონსტიტუციურ უფლებებს, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც იყენებენ პრესის თავისუფლების უფლებას და საჯაროდ დაგმონ ძალადობა.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ სხვა ქვეყნის საელჩოებთან ერთად გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება. ასე რომ, აღნიშნულთან დაკავშირებით არამარტო ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ ჩვენი თანამოაზრე პარტნიორებიც საუბრობენ“, – აღნიშნა ნედ პრაისმა.