ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასრულდა.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კანდიდატების ზუსტი ვინაობა 7 ივლისს გახდება ცნობილი. დღესვე დაიწყება გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.
როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, თავმჯდომარეობის კანდიდატზე შესული 11 განაცხადიდან რვა გასაუბრების ეტაპზე გადავიდა, ხოლო წევრობის მსურველთა 17 განაცხადიდან გასაუბრების ეტაპზე 16 გადავიდა.
ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, გასაუბრების პროცესი საქართველოს პირველი არხის ვებგვერდის პირდაპირ ეთერში გადაიცემა, რათა პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს.
„14:00 საათიდან დაიწყება გასაუბრება და კომისია გაესაუბრება ჯერ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს და შემდეგ წევრობის კანდიდატებს და როგორც კანონითაა გათვალისწინებული, უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას. პრეზიდენტის წარედგინება ერთ ვაკანტურ ადგილზე მინიმუმ ორი და მაქსიმუმ სამი კანდიდატურა როგორც თავმჯდომარეობაზე, ასევე წევრობაზე. პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, წარუდგენს თუ არ წარუდგენს პარლამენტს და შემდეგ უკვე პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ შეარჩიოს ისეთი კანდიდატი, რომლის მიმართაც სანდოობა იქნება მაღალი როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ პარტიებში. ეს გასაუბრება დიდი ალბათობით საზოგადოებრივი მაუწყებლის ლაივ სტრიმით გადაიცემა. გვქონდა საუბარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან და ტექნიკური საკითხები თითქმის მოგვარებულია“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.