შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, კორონავირუსი კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა. ამის შესახებ გორგოძემ ჟურნალისტებს რუსთავის N22-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში განუცხადა.
ინფორმაციისთვის, ვირუსი 20-მდე აბიტურიენტს დაუდგინდა გუშინ. შესაბამისად, ჯამში 50-მდე აბიტურიენტია ინფიცირებული. გორგოძის თქმით, აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, დამატებითი საგამოცდო სესია დაინიშნება.
„ყველა ცენტრში ერთდროულად დაიწყო რეგისტრაცია და ამ ეტაპზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, დღეს უნდა გამოცხადებულიყო 30-მდე აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს აბიტურიენტები ვერ გამოცხადდნენ, შევახსენებ მათ, რომ მათთვის დამატებითი საგამოცდო სესია დაინიშნება. გუშინ, რეგისტრირებული აბიტურიენტების 94% გამოცხადდა გამოცდაზე, გვქონდა დაგვიანების 6 შემთხვევა და გამოცდიდან მოხსნის ფაქტი საბედნიეროდ, გუშინ არ გვქონია“, – განაცხადა გორგოძემ.
ცნობისთვის, 1-ელ ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 14 ივლისიდან კი, პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.
წელს ქვეყნის მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია მოწყობილი. გამოცდებს ჯამში 83 600 პირი აბარებს, მათ შორის 39 ათასამდე აბიტურიენტია.