საქართველოს ომბუდსმენი ნინო ლომჯარია ნინოწმინდაში, წმინდა ნინოს სახელობის ბავშვთა სახლში იმყოფება. მას შემდეგ, რაც მონიტორინგისთვის იქ მოხვედრის, რამდენიმე მცდელობა ჰქონდა. ბავშვთა სახლში შესვლამდე ლომჯარიამ განაცხადა, რომ მათი რეკომენდაციაა თითოეული ბავშვი ოჯახური მოვლის ალტერნატიულ ფორმაში გადავიდეს, რადგან პანსიონატი დახურულ რეჟიმშია.
“ზოგადად, ჩვენ ვიცით, რომ პანსიონატი დახურულ რეჟიმშია. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ თითოეული ბავშვი მზრუნველობის ალტერნატიულ ფორმაში იყოს გადაყვანილი. რადგან ამ პირობებში ისინი იმ პედაგოგებთან ცხოვრობენ, რომლებიც არასწორი, ძალადობრივი გარემოს ნაწილი იყვნენ. ეს არ შედის ბავშვის ინტერესებში”, – თქვა ნინო ლომჯარიამ პანსიონატში შესვლისას.
17 ივნისს, ბოდბის ეპისკოპოსი იაკობი და საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდაში მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა და ობოლთა პანსიონატის საკითხების განსახიველად შეხვდნენ. სწორედ ამ შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ პანსიონატის მმართველი, ბოდბის ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი და სახალხო დამცველი პანსიონატში ერთად შევიდოდნენ.
ბავშვთა სახლის ირგვლივ სკანდალი დაახლოებით 2 თვის წინ ატყდა, როდესაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ იქ მონიტორინგისთვის არ შეუშვეს. ამის შემდეგ, პანსიონატში ძალადობის შემთხვევებზე საუბარი დაიწყო, ასევე ბავშვთა დაწესებულების სხვა მრავალ უხეშ დარღვევაზე. გაერომ საქართველოს ხელისუფლებას ნინოწმინდის ბავშვთა სახლის მონიტორინგი დაავალა. ივნისის დასაწყისიდან ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და სოციალური მუშაკები მუშაობენ, რომლებიც იქ საათობით რჩებიან. ბავშვთა დაწესებულებას დეპუტატები ეწვივნენ, სპეციალურად ამ თემაზე მუშაობდა საპატრიარქოში შექმნილი კომისია. რამდენიმე ბავშვი სხვა, ალტერნატიულ ადგილებში გადაიყვანეს, ან ოჯახებში დააბრუნეს. ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ძალადობისა და გაუპატიურების შემთხვევების გამოძიება მიმდინარეობს.