საფრანგეთის პოლიციამ ქვეყანაში მოქმედ ქართულ-სომხურ მაფიაში მონაწილეობის ბრალდებით 12 ადამიანი დააკავა. მომხდარის შესახებ გამოცემა Le Figaro პროკურატურის სპეციალიზებული რეგიონთაშორისი იურიდიული ნანსის სამმართველოს ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
26 ივნისის დილას, ქვედა რეინას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის წევრებმა ბრალდებულები დააპატიმრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის იყვნენ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი და სტრასბურგში მოქმედი სომხური კლანის ლიდერი, მათი თანაშემწეები და თანამზრახველები. დასტურდება, რომ აღნიშნული საზოგადოება “საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაციის, ელზასის (რეგიონი საფრანგეთში) განყოფილებას წარმოადგენს, რომელიც სპეციალიზებულია ქურდობის ყველა სახეობაზე”.
ბრალდებულების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ოთხი ავტომობილი და ერთი მოტოციკლი, ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი, 352 ტყვია, 66 ალკოჰოლის ბოთლი, 103 ფლაკონი უცხოური სუნამო, 17 ათას ევროზე მეტი ნაღდი ფული, ძვირადღირებული სამკაულები, ტყავის ნაწარმი, მოპარული ნივთები/კოსმეტიკა, კვების პროდუქტები აღმოაჩინა.
საფრანგეთის პოლიცია დაჯგუფების კვალზე საქართველოს მოქალაქეების ორი ჯგუფის დაკავების შემდეგ, 2019 წელს გავიდა. მათ გრანდ ესტის რეგიონში ორასზე მეტი ობიექტი გაქურდეს. 2020 წლის მაისში გამოძიება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერების და წევრების წინააღმდეგ დაიწყო.
”პოლიცია იმ იერარქიული მაფიის ორგანიზაციისა და მათი “ქურდი” ლიდერის კვალზე გავიდა, რომელიც სტრასბურგში მდებარეობს და ელზასში ამავე კრიმინალური სტრუქტურის ხელმძღვანელობაზეა პასუხისმგებელი,” – აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალი შეთქმულებაში, ქურდობაში, ფულის გათეთრებაში, თაღლითობაში ედებათ.
ბრალდებულები სასამართლო პროცესამდე დააკავეს. დანაშაულებრივი ორგანიზაციის სხვა წევრების დაკავებაზე ორდერები უკვე გაცემულია.