ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მეუფე სპირიდონმა ეპარქიაში დაბრუნება თავისი ნებით გადაწყვიტა.
„მეუფე სპირიდონი თავის ნებით დაბრუნდა ეპარქიაში. პატრიარქის გადაწყვეტილებაა. მეუფე სპირიდონი იყო დირექტორი, ახლა ვარ მე. დარჩებიან მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც დარჩენა უნდათ. ძალადობით არც არავის ტოვებენ. უნდა იცოდეთ, რომ როდესაც ბენეფიციარს ესაუბრებით, აქვს უფლება და ჩვენი ვალდებულებაც არის, რომ ჰყავდეს ადვოკატი. მეუფე სპირიდონთან ერთად ვაპირებდით, გაგვეკეთებინა ცვლილებები, რაც გასაკეთებელი იყო, მაგრამ იცით, რომ გარკვეული მოვლენების გამო, მეუფეს ამის გაკეთება არ დასცალდა. მალე იხილავთ იმას, რაც უნდა გაგვეკეთებინა ერთ წელიწადში. გავაგრძელებ იმ საქმეს და ვფიქრობ, ხარისხიანად. საერთოდ, სადაც ძალიან დიდი დაწესებულებაა, ვთქვათ სიმართლე, სკოლაში ხომ არის ბულინგი, ჯარში, იქაც არის უმცროს-უფროსობა, მსოფლიოს ყველა ჯარშია ეს. ებრძვიან, მაგრამ ვერ უმკლავდებიან. მცირე-მცირე, საოჯახო რომ იქნება, იქაც დაზღვეული არ ხარ, მაგრამ უფრო მეტად დაზღვეული ხარ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
ამასთან, მეუფე იაკობის თქმით, პანსიონში იმდენი ბავშვი დარჩება, რამდენსაც მოესურვება. მისივე განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში დღევანდელ მდგომარეობაზე კითხვები არ აქვთ არც სოციალურ მუშაკებს, არც სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
„რამდენ ბენეფიციარსაც ენდომება დარჩენა, იმდენი დარჩება. მოძალადეები ხომ არ ვართ. თქვენი ინტერესი რა არის, დაიცალოს ახლავე, თუ ვისაც უნდა ყოფნა, იყოს და მერე, როცა მოხდება სახეცვლილება, იმაში მოხვდნენ. ასევე, სოციალური მუშაკები სულ მათთან არიან, მათი დაკვირვების ქვეშ და ბავშვების საუკეთესო ინტერესებს გავითვალისწინებთ აუცილებლად. შემოსული ვარ, რათა სიტუაციას გავეცნო. არ ვარ დახურული ადამიანი. თუ რამე შეცდომაა, ჩემს შეცდომაზეც ვსაუბრობ ხოლმე. ჯერ ჩემსას ვხედავ, შემდეგ სხვისას.
სოციალური მუშაკები მუშაობენ, სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იყვნენ შემოსული. კითხვები დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ. ადრე რა იყო, არ ვიცი. ადრეც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. ვფიქრობ, არასწორი და მაგაზე ვიდავებთ აუცილებლად“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
ამასთან, საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მეუფე სპირიდონმა ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
„მეუფე სპირიდონმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს შეთანხმდა მის უწმინდესობასთან. კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანების, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დღეს აღნიშნული პანსიონის დირექტორად დაარეგისტრირა მეუფე იაკობი“, – განაცხადა ქარჩავამ.