პარლამენტის პლენარული სხდომა სამშენებლო ამნისტიის პროექტის განხილვით განახლდა. საკანონმდებლო პაკეტის განხილვა 10 ივნისის სხდომაზე დაიწყო და დღეს გრძელდება. სამშენებლო ამნისტიის ინიციატივა პირველი მოსმენით არის წარდგენილი.
საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, ამნისტია ყველა ტიპის მშენებლობას შეეხება – პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე.
თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევა საპატიოდ ჩაითვლება და დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები ჩამოიწერება.
იმავდროულად, საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ახალი სახე შემოდის – კერძოდ, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთას, 2-წლამდე ვადით.
კანონში დაგეგმილი ცვლილება ასევე ითვალისწინებს, ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას. კანონში პირდაპირ ჩაიწერება, რომ დაუშვებელია ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის მომარაგება.
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური.