ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდებს, თუმცა რჩევების და შესაბამისი სტრუქტურებისა და დაწესებულებების რეკომენდაციების გათვალისწინებაც აუცილებელია, რათა ერთად შევუშალოთ ხელი კორონავირუსის გავრცელებას.
დღეს ახალქალაქის მერიაში, მერის მოადგილე, არმენ მარანგოზიანმა პრეს-კონფერენცია გამართა. ადგილობრივი მედიის დახმარებით მან მოსახლეობას მიმართა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მაქსიმალური სიფრთხილის ზომების მიღებისაკენ მოუწოდა.
მან მოსახლეობას მიმართა, რათა შეინარჩუნონ სიმშვიდე, თუმცა ურჩია გამოიჩინონ სიფრთხილე და მასიურ ღონისძიებებზე, ტრადიციულ ჩახუტებაზე, გადახვევაზე და ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვან, რათა მოხდეს კორონავირუსის ან სხვა ვირუსებისა და ინფექციების გავრცელების პრევენცია. ასევე, იყო რჩევა საქორწილო ღონისძიებებისგან შევიკავოთ თავი.
მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანის თქმით, მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა, საბავშვო ბაღი და დანარჩენი მუნიციპალური დაწესებულებები დეზინფიცირებულია.
მან ასევე აღნიშნა, რომ მეწარმეები და ვაჭრები გაფრთხილებულნი არიან, რომ უსაფრთხოების მიზნით დაცული უნდა იყოს ჰიგიენის ნორმები. ასევე გვირჩია გამოვიყენოთ ხელთათმანები და დაწესებულებებში დეზინფექცია ხშირად გავაკეთოთ.
ვირუსის გავრცელებისგან თავდაცვის მიზნით, მან ასევე გვირჩია, ბანკებში რიგში დგომისას არანაკლებ ერთი მეტრის დისტანცია დავიცვათ.
არმენ მარანგოზიანმა ასევე აღნიშნა, რომ მერია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, თუმცა არის მომსახურება, სადაც მუდმივი მორიგეები ჰყავთ.
«მაგალითად კანცელარია მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში 9:00-დან 18:00 საათამდე, ყველა მოქალაქეს შეუძლია განცხადების შეტანა»,- თქვა მან.
ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელზეც მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკვა ნებისმიერ დროს – +995 595 78 57 75, +995 577 122 770.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოც გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, იქაც მუშაობენ მორიგეები.
დღესდღეობით საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 37 შემთხვევა. 637 ადამიანი სხვადასხვა ჰოსპიტალისა და ცენტრის საკარანტინო რეჟიმში იმყოფება. 54 ადამიანი არის სტაცინალური მეთვალყურეობის ქვეშ.
აღსანისნავია, რომ ახალქალაქში კორონავირუსით დაავადების ეჭვი არ ყოფილა, კარანტინში ან თვითიზოლაციის რეჟიმში მყოფი ადამიანები არ არიან. ნინოწმინდაში 4 ადამიანი თვითიზოლირებულია, 1 ადამიანი იყო გადაყვანილი აბასთუმანში, თუმცა მას არ დაუმტკიცდა ვირუსის სიმპტომები, მისი მდგომარეობა ნორმალურია.