ნინოწმინდის ყოფილი გამგებელი, გაგიკ კარსლიანი, რომლის საქმეზეც გამოძიება ქრთამის აღების, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებითაა დაწყებული, ამბობს, რომ ყველაფერი ცილისწამებაა და მას ბრალი არაფერში მიუძღვის.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფილმა გამგებელმა, პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, ორ შემთხვევაში გასცა ყალბი ცნობა მოქალაქეებზე, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელებმა მოტყუებით დაირეგისტრირეს, თითქოსდა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი.

კარსლიანი ნინოწმინდის გამგებელი 2013-2017 წლებში იყო, ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში არაერთ ცნობასა თუ განცხადებაზე უწევდა ხელის მოწერა. მანამდე კი დოკუმენტი სხვა სამსახურებსაც გადიოდა.

გაგიკ კარსლიანი აღნიშნავს, რომ გამოძიება ამ საქმით სულ რაღაც 2-3 თვეა რაც დაინტერესდა.

მისი თქმით, მიწის ნაკვეთი, რომელზეც ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი 2003-2004 წლიდან იმ პიროვნებას ეკუთვნის, რომლისთვის ყალბი დოკუმენტის გაცემაშია ბრალდებული.

„ეგ ტერიტორია, რომელზეც საუბარია 2003- 2004 წლებში ჰქონდა შესყიდული მაგ კაცს სახელმწიფო ქონების პრივატიზების განყოფილებიდან და საკუთრების მოწმობაც აქვს ხელში. ეს ამბავი იყო 2016 წელს. მოტანილი ჰქონდა საბუთები და გვთხოვა გაეცით ცნობა რომ ეს მიწის რეფორმის დროსაა გაცემულიო. კარგად უნდა მენახა საბუთები, თუმცა ჩემამდე სხვადასხვა სამსახურებს ინფრასტრუქტურას თუ სხვას გადის ეგ დოკუმენტები. 5 წლის განმავლობაში როცა გამგებელი ვიყავი 8000 განცხადება არის გასული ჩემი ხელმოწერით,  სულ ყალბია ტყუილია?!“- კითხულობს კარსლიანი.

ყოფილი გამგებელი ამბობს, რომ ბრალდება თითქოს ქრთამი აიღო სირცხვილია. იგი გვიყვება რომ იმ პირის შვილი რომელზეც ცნობა გასცა, ხარატია, რომელსაც საკუთარი სახლისთვის ჭიშკარი გააკეთებინა, თუმცა ამაში თანხა გადაიხადა.

„შვილმა მითხრა რომ სახლის კარიბჭე გასაკეთებელია. იმ კაცის შვილი, ჩემი შვილის კლასელია. გაგვიკეთა კარიბჭე, 2 200 ლარიც გადავიხადე, საღებავებიც ვიყიდე. სირცხვილია როცა ამას ქრთამს ეძახიან. თან ექსპერტიზა წელს ჩაატარეს, როცა კურსიც მაღალია. ექსპერტიზამ 3 900 ლარი დაადგინა,“ – ამბობს კარსლიანი.
მისი აზრით საქმე ხელოვნურია და ნაწილობრივ მის მოღვაწეობას უკავშირდება, როდესაც ნინოწმინდა-ახალქალაქის ყოფილ მაჟორიტარ, ენზელ მკოიანთან ერთად მუშაობდა, თუმცა ამაზე დაწვრილებით საუბარი არ სურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა, ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, ორ შემთხვევაში გასცა ყალბი ცნობა მოქალაქეებზე, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელებმა მოტყუებით დაირეგისტრირეს, თითქოს და კანონიერ სარგებლობაში არსებული ქ. ნინოწმინდაში ცენტრალური პარკისა და ყოფილი მანქანათმშენებლობის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთები, საერთო ფართობით 712 კვადრატული მეტრი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 39 000 ლარს. 

SKnews