დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში SARS-CoV-2-ის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაშია აღნიშნული, ინდური შტამი ხუთ მოგზაურს დაუდგინდა.
„მოგახსენებთ, რომ კომპეტენციის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მუდმივად აწარმოებს ქვეყანაში მოცირკულირე SARS-CoV-2-ის შტამების გავრცელების მონიტორინგს. ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსული ხუთი მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სეკვენირებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით.
ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია. ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთი და იმავე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან. სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია.
ეპიდკვლევების მონაცემებით, მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.