ახალქალაქში წლეულს, ისევე, როგორც შარშან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მასობრივი საზეიმო ღონისძიებით არ აღნიშნავენ. მიზეზი კორონავირუსია.
როგორც ახალქალაქის მერიაში Jnews–ს განუცხადეს, მიიღეს ბრძანება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიებები არ ჩატარდეს.
“ფინანსები არ იყო გამოყოფილი მორთულობისთვის, მაგრამ საკმაოდ ბევრი დროშა გამოგვიგზავნეს თბილისიდან. 26 დროშა – ეს არის, რომელიც გამოვფინეთ. დანარჩენი ყველაფერი ძველია. წელს ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩავატაროთ ღონისძიებები, ადგილობრივი ცეკვის ანსამბლები მზად იყვნენ, მაგრამ არ შეიძლება “, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეების სამსახურის უფროსი, ვალერი სტელმაშოვი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქში უკვე მეორე წელია არ აღინიშნება, მიზეზი COVID-19-ის პანდემიაა.
აქამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გვაცნობა, რომ 12 მუნიციპალიტეტისთვის 148 178 ლარი დაიხარჯება დროშებისა და ბანერებისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში გააფორმეს ახალქალაქი, თელავი, მცხეთა, ოზურგეთი, ახალციხე, ამბროლაური, მარნეული, ფოთი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი.