გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში სურსათის ადეკვატური მარაგები არსებობს და საქართველო ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანაზე უკეთაა მომზადებული. ამის შესახებ დავითაშვილმა ჟურნალისტებს სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომელსაც პრემიერი და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები ესწრებოდნენ.
მინისტრის თქმით, ქვეყანაში პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს
„ქვეყანაში სურსათის ადეკვატური მარაგები არსებობს, ამაზე სამინისტრო ზრუნავს მთავრობის სხვა წევრებთან ერთად. ხაზგასმით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ სურსათით უზრუნველყოფის თვალსაზრისით საიმედო სიტუაცია გვაქვს და საქართველო ბევრად უფრო მომზადებულია, ვიდრე ევროპის ბევრი წამყვანი ქვეყანა.
ჩვენ გვაქვს მუდმივი მონიტორინგის სისტემა, სამინისტროშიც შექმნილია სამუშაო ჯგუფი იმისთვის, რომ გვქონდეს მოწოდების ჯაჭვის ყველა რგოლთან მუდმივი კომუნიკაცია, ეს უკავშირდება როგორც იმპორტიორებს, ადგილობრივ მწარმოებლებს, დისტირბუტორებს და საცალო ქსელების წარმომადგენლებს. დღეს პრემიერის ხელმძღვანელობით გაიმართა შეხვედრა საცალო ქსელების წარმომადგენლებთან. შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს და შეიძლება ჩვენი ქცევა იყოს უსარგებლო და დამაზიანებელი ჩვენი ოჯახებისთვის, რაც ქმნის წნეხს, უხერხულობას იგივე სავაჭრო ქსელებში. ასევე მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი სოლიდარობა გამოვიჩინოთ მათ მიმართ, ვინც ასეთ ქსელებში მუშაობენ. ძალინ რთულია, რომ დღე-ღამის რეჟიმში ადამიანები ემსახურებოდნენ ასეთ გაზრდილ მოთხოვნას, რიგებს, რომელიც დისკომფორტს ქმნის როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისთვის,“,-აღნიშნა დავითაშვილმა.