ახალქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე პატარა კერძო სახლში შესვლისას, პირველი რასაც გრძნობთ არის საკმევლის სუნი, პირველი რასაც ხედავთ ერთი, მეორე, მესამე … მერვე ბავშვის დიდ, ლამაზ თვალებს. მათე, ანა, ნინო, იოანე, ლუკა, მართა, მარიამი და მარკოზი სტუდენტის შვილები არიან. ბარბარე გალიბინა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების ფაკულტეტის მაგისტრატურის მესამე კურსზეა. სახლში ყველა კუთხე დაკავებულია: ვიღაც თამაშობს, ვიღაც სწავლობს, ვიღაც ცელქობს, დედა სწავლობს.
რვა შვილის დედის, ბარბარეს დღე სასიამოვნო არეულობით იწყება: ბავშვები უნდა მოაწესრიგოს, აჭამოს, დაალევინოს, ზოგი სკოლაში გაუშვას, ზოგი სათამაშოდ დასვას, ქმარსაც სჭირდება ყურადღება სანამ სამსახურში წავა, შემდეგ სწრაფად უნდა დაალაგოს სახლი და თვითონ დაჯდეს კომპიუტერთან, რომ ლექციაზე არ დააგვიანდეს.
ახალგაზრდა ქალი ყოველთვის ოცნებობდა უმაღლესი განათლების მიღებაზე. რამდენიმე წლის წინ მის ცხოვრებაში იყო მომენტი, როცა მიხვდა, რომ დიდი ოჯახის რჩენის ტვირთი, მხოლოდ ერთ-ერთ მშობელს არ უნდა დაეკისროს.
«ადამიანის ცხოვრებაში არის პერიოდი, როცა ფიქრობს, რომ ასეთი დიდი ოჯახი ფინანსურად არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ ადამიანზე. ამის შემდეგ მუშაობის და ჩამოყალიბების სურვილი ჩნდება. განათლება, რომელიც მქონდა, მუშაობის საშუალებას არ მაძლევდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩამებარებინა».
თუ კორონავირუსმა ბევრისთვის სირთულეები და გადაულახავი დაბრკოლებები გამოიწვია, ბარბარეს შემთხვევაში პირიქით მოხდა. როდესაც ეპიდემიამ სწრაფად დაიწყო გავრცელება, ხელისუფლებამ გადაწყვიტა საგანმანათლებლო დაწესებულებები ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადაეყვანა. ლექციებიც გადავიდა დისტანციურ ფორმატზე და კორონავირუსი ბარბარესთვის გარკვეულწილად მომგებიანი აღმოჩნდა. თუკი ადრე მეცადინეობებს აცდენდა, მუდმივად არ შეეძლო ახალქალაქიდან ახალციხეში ლექციებზე სიარული, ონლაინ ფორმატში მან შეძლო საკუთარი თავის წარმოჩენა.
«ზოგადად, ონლაინ-განათლების მომხრე არ ვარ, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში, მაგრამ კორონავირუსი სასარგებლო აღმოჩნდა ჩემს შემთხვევაში, ონლაინ-განათლება ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩემნაირი ადამიანებისთვის. ყოველ შემთხვევაში, ის დამეხმარა. უფრო მეტიც, სტიპენდიის მიღება მას შემდეგ დავიწყე, რაც მეცადინეობები ონლაინ რეჟიმზე გადავიდა», – ღიმილით ყვება ბარბარე.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიანტს უჭირს დროის გამონახვა და მშვიდი კუთხის პოვნა მეცადინეობისთვის. ოჯახის დედა ბავშვების მაგიდასთან მეცადინეობს.
ბარბარე უნივერსიტეტის ონლაინ ლექციის მოსმენისას
პანდემიის დასაწყისში მრავალშვილიან ოჯახში ნამდვილი არეულობა სუფევდა. ონლაინ-გაკვეთილებმა ისინი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა: გაუმართავი კომპიუტერები და შვიდი ადამიანი, რომლებიც ონლაინ-გაკვეთილებს ელოდებოდნენ.
«ეს საშინელება იყო, შვიდნი ვიყავით ონლაინ, მე, ბესო (მეუღლე) და ხუთი ბავშვი და ყველას სიჩუმე გვჭირდებოდა, ერთი კარებთან იჯდა, მეორე სხვაგან. ჩემი მეცადინეობები კარგი იყო იმით, რომ ლექციები მქონდა, ხმის გარეშეც შემეძლო მონაწილეობა, მაგრამ სემინარის დროს ხმის გარეშე შეუძლებელია, საჭიროა აქტიურობა. სკოლის გაკვეთილები და ბესოს მეცადინეობები (ინგლისური ენის კურსი სამხედრო აკადემიაში) დილის 9 საათზე იწყება. თავიდან არ ვიყავით მზად, კომპიუტერები არ მუშაობდა, შემდეგ უნივერსიტეტმა მომცა კომპიუტერი, დანარჩენი- გავაკეთეთ და ახლა ყველაფერი დალაგდა»”, – ყვება ბარბარე.
ბარბარეს უფროსი ბიჭი 13 წლისაა, უმცროსი – 3-ის. ამიტომ დღისით მას სწავლის შესაძლებლობა არ აქვს, ფიზიკურად ვერ ასწრებს.
როცა დედა ლექციაზე, უფროსები შვილები უმცროსებზე ზრუნავენ
«ძირითადად შუაღამისას ვმეცადინეობ, როცა ბავშვებს სძინავთ. დღისით დრო საერთოდ არ მაქვს. ყოველთვის გაქცევაზე ვარ. ჩემი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ყველას ერთდროულად უნდა მივაქციო ყურადღება. არიან ბავშვები, რომლებიც დამოუკიდებლად სწავლობენ, მაგრამ ჩემი შვილების შემთხვევაში, პირიქით, მე უნდა ვიჯდე მათთან ერთად და აუცილებლად მივცე მითითითებები».
თავიდან, როდესაც უნივერსიტეტში ჩააბარა, ბარბარე უხერხულად გრძნობდა თავს, რომ ყველა გაცილებით პატარა იყო, მაგრამ ესეც გადალახა. შემდეგ გააცნობიერა, რომ ზოგიერთი თანაკურსელი მასზე უფროსიც კი არის.
«სწავლა ზრდასრულ ასაკში … როცა ახალგაზრდა ხარ, სწავლობ, რადგან უნდა ისწავლო, ახლა ეს ყველაფერი ბევრად უფრო სასიამოვნოა. მთელი ეს პროგრამა, რომელსაც გავდივართ, ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან მიღებულ ცოდნას შვილების სწავლებასა და აღზრდაში ვიყენებ. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მთავარია გადაწყვეტილება – მე მივიღე ის და განვახორციელე».
რვა ბავშვის აღზრდის საკითხში მშობლებს კონკრეტული სტრატეგია აქვთ: არავითარი ტელეფონები, წუწუნის გარეშე, თუნდაც რთულ მომენტებში და ბავშვები – ეს არის ბედნიერება. მეუღლე სამხედროა, დისციპლინის საკითხებში ეხმარება. ბარბარე ამბობს, რომ მათ გაუმართლათ, რომ არ არიან მომთხოვნი ბავშვები.
რახან ბარბარე ახალქალაქში ცხოვრობს და უნივერსიტეტი ახალციხეში მდებარეობს, მას ყოველდღე უწევდა ახალქალაქიდან ახალციხეში გამგზავრება. რადგან მისი მეუღლეც სწავლობს, ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების კაპიტანია, ცოლი ყოველდღე ვერ მიჰყავდა მეცადინეობებზე. თუმცა, ეს საკითხიც მოგვარდა. მიზანდასახულმა ქალმა მანქანის მართვა ისწავლა და მართვის მოწმობა აიღო.
«ახლა ახალციხეში კვირაში ერთხელ მივდივარ, პარასკევს, ბესოს აღარ ვაწუხებ, მე თვითონ მივდივარ. ზოგადად, მანქანა ძალიან საჭიროა, მუდმივი გადაადგილება გჭირდება და აღარ ხარ დამოკიდებული სხვებზე».
სახლში ბავშვების არსებობა მაშინაც იგრძობა, როცა ისინი იქ არ არიან
დერეფნის კუთხე პატარა სამლოცველოს ჰგავს. აქ ბევრი ხატია, რომლებთანაც ოჯახის თითოეული წევრის სახელზე სანთელია ანთებული.
ბავშვები შთაგონებით დარბიან აქეთ-იქით, თითოეული მათგანი ჩქარობს თავისი სანთლის ჩვენებას.
იოანე გვაჩვენებს თავის სანთელს
მელიქიძეების ოჯახი ყოველ კვირას ლოცულობს ეკლესიაში. მათი ღმერთის მიმართ რწმენა დიდია. ბარბარე ამბობს, რომ ეს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ეხმარება, დისციპლინაში და სირთულეების დაძლევაში. ყველა ბავშვს ეკლესიური სახელი ჰქვია.
უფროსები დედას პატარების მოვლასა და სალის საქმეებში ეხმარებიან, თუმცა ისინი თავადაც პატარები არიან.
უფროსი მართა უმცროსი მარიამის «ძიძაა»
ბარბარე თავისი ქვეყანისადმი მომთხოვნი არ არის, ის თვლის, რომ სახელმწიფოს მომავალი არა ხელმძღვანელების, არამედ მისნაირი დედების ხელშია.
«ვთვლი, რომ ჩვენ, რიგითი მოქალაქეები, ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას, ამიტომ ყველა დედა, ქალი ვალდებულია აღზარდოს შვილები, როგორც კარგი ადამიანები, აღზარდოს ისინი, რომ კარგი მოქალაქეები იყვნენ და შემდეგ ისინი შექმნიან კარგ ქვეყანას. რომელშიც ისინი იცხოვრებენ. აი, რა არის მნიშვნელოვანი – დედა, ოჯახი და შემდეგ ოჯახი ქმნის საზოგადოებას. თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რამდენად ძლიერი იქნება ჩვენი სახელმწიფო».
გოგონებს შორის უფროსს, ანას, ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ბევრი და-ძმის გარეშე. ის არანაირად არ წუხს, რომ დედის დახმარება უწევს. ზუსტად ასე ხედავს ნამდვილი ქალის ცხოვრებას: დაკავებული, მრავალშვილიანი დედა, დიასახლისი, განათლებული და მომღიმარი…