საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით, დღეიდან, საკრებულო, მერია და ყველა არაკომერციული ორგანიზაცია, ასევე საბავშვო ბაღები და სხვა დაწესებულებები დროებით დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადადიან.
დღეს, 13 მარტს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სახელმწიფო დაწესებულება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის იურიკ უნანიანის თქმით, მათ უკვე მოახდინეს დისტანციური სამუშაოს რეგულაცია. მისი თქმით, არის დაწესებულებები, სადაც ყველა თანამშრომელი დაითხოვეს, ზოგ ადგილას კი მუდმივად მორიგეობენ.
«ვცდილობთ, რომ მერიაში სამუშაო საერთოდ არ შეჩერდეს. ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, კონტროლისა და კანცელარიის განყოფილებებში მორიგეობით ვმუშაობთ, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები კომპიუტერებით სახლიდან მუშაობენ, ჩვენ ერთმანეთთან მუდმივი კავშირი გვაქვს»,- თქვა იურიკ უნანიანმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოც გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, მათაც ჰყავთ მორიგეები.
«საკრებულოს სამუშაო არ შეჩერებულა, უბრალოდ თანამშრომლები ყოველდღე არ დადიან, ვმუშაობთ დისტანციურად. ჩვენ ახლა ვფიქრობთ, რომ ბიუროს და კომისიის სხდომაც ონლაინ რეჟიმში ჩავაატაროთ»,- ამბობს საკრებულოს წარმომადგენელი ნაირი ირიციანი.