მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მუშაობა რეგულაციების სრული დაცვით უნდა მოხდეს.

„როგორც იცით, საქართველოს მასშტაბით შაბათ-კვირას აკრძალულია კვების ობიექტების მუშაობა. რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ეკრძალებათ სტუმრების მიღება და მხოლოდ მიტანა-გატანის სერვისზე მუშაობენ. აღნიშნული რეგულაციაც მსუბუქდება. კერძოდ, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ რეგულაციების სრული დაცვით“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ამასთან, როგორც ბრიფინგზე გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვება გრძელდება და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, პირველი ივნისიდან, ამ მიმართულებით შესაძლოა, შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილებაც იქნას მიღებული.

„ჩვენ განვაგრძობთ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, პირველი ივნისიდან, ამ მიმართულებით შესაძლოა, შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილებაც იქნას მიღებული“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.