ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, ბანკები – “საქართველოს ბანკი”, “თიბისი ბანკი” და “ლიბერთი ბანკი”, მომხმარებელს შეღავათიან პირობებს, კრედიტის 3 თვით გადავადებას სთავაზობენ.
“ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით საქართველოს ბანკის მომხმარებელ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი”, – აცხადებენ “საქართველოს ბანკში”.
“თიბისი ბანკი” ფიზიკურ პირებს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, სესხებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.
როგორც კომერციული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი. საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით თიბისი უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას,”-აცხადებენ ბანკში.
მათივე ცნობით, სესხის გადავადებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ.
“ლიბერთი ბანკმა”, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის, თავის მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის და ასევე, სერვის ცენტრებში მომხმარებლის ნაკადის შემცირების მიზნით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც გააჩნიათ სასესხო ვალდებულებები შესთავაზოს 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი. დღეიდან, შეთავაზება ავტომატურად ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც (პენსია, სოციალური სარგო, დევნილობა და დემოგრაფიული) და მომავალი 3 თვის განმავლობაში, არცერთ სოციალური სარგოს მიმღებ პირს არ ჩამოეჭრება სესხის მომსახურების თანხები.
ასევე, ქვეყანაში შექმნილი გარემოების გამო, ლიბერთი ითვალისწინებს ტურიზმის სექტორის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გამოწვევებს და ამ სექტორში მოქმედ მომხმარებლებს შესთავაზებს დროულ, მოქნილ და მათი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ შეღავათიან პირობებს. ბანკი ორშაბათიდან მომხმარებლებს დეტალურ ინფორმაციას შეღავათებთან დაკავშირებით მიაწოდებს ინდივიდუალურად.
“გადაწყვეტილება მივიღეთ 12 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების მიერ ეკონომიკური სტიმულირების გეგმის განხილვის შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკაზე მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარების შესაძლო უარყოფითი გავლენის მაქსიმალურად შემცირებას. ლიბერთი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მოსაფრთხილებელ სეგმენტს და პასუხისმგებლობა გვაქვს გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მათ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შევუქმნათ. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს ისარგებლონ დისტანციური მომსახურებით და შევახსენებთ, რომ სოციალური ბარათებით გადახდისას შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მათზე მორგებული, სპეციალური ფასდაკლებებით ევექსი კლინიკების, ფარმადეპოს აფთიაქების და ნიკორა სუპერმარკეტების ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – განაცხადა “ლიბერთის” გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.
მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, შეთავაზების შეჩერება შესაძლებელი იქნება ლიბერთის ბანკომატებიდან, ბანკში ვიზიტის გარეშე