პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებას ჩვენ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ, ეს პირდაპირ უკავშირდება ვაქცინირებულთა რაოდენობას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პირბადე განსაკუთრებით კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების პიკურ პერიოდში, თავდაცვის საშუალებაა.

„ჩვენ რაც არ უნდა ეფექტურად გადავლახოთ პიკის პერიოდი მაისის ბოლომდე, პირბადე თავდაცვის საშუალებაა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის ნაწილობრივ შემსუბუქებაზე.

„აქტიური მსჯელობაა ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე. ყველას გვესმის, რომ პიკის პერიოდში ამის რესურსი არ გაგვაჩნია“, – განაცხადა გაბუნიამ.