მარიანა დაბადებიდან ახალქალაქში ცხოვრობს, მაგრამ ის სომხეთის მოქალაქეა. პანდემიამ ის ცხრა თვის განმავლობაში სახლიდან შორს დატოვა. ალვარდ და სეროჟ უნანიანები, ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები არიან, ერთ წელზე მეტი ხანია შვილები და შვილიშვილები არ უნახავთ. ჯავახეთში საქართველოს დაკეტილმა საზღვრებმა ბევრს შეუქმნა პრობლემები. ადამიანები კორონავირუსით ცხოვრებას მიეჩვივნენ, მაგრამ ისინი ვერ ეგუებიან ნათესავების მონატრებას.
დაბრუნების ცხრა თვე
როდესაც მარიანა არაქელიანი რუსეთში, მოსკოვში სამკურნალოდ გაემგზავრა, საქართველოში პანდემიაზე საუბარი ახლა იწყებოდა. მალე საზღვრები დაიკეტა და მთლი ცხრა თვის განმავლობაში ვერ შეძლო სახლში, შვილთან და დედასთან დაბრუნება.
”მე სომხური პასპორტი მქონდა. თავის დროზე უარი ვთქვი საქართველოს მოქალაქეობაზე, ასე იყო საჭირო, რუსეთში უნდა წავსულყავი. იმავე დღეს ჩავედი ერევანში, როდესაც 21 მარტს საზღვარი დაიკეტა. მოსკოვში ოპერაცია გამიკეთეს და გადატანილი სტრესის შემდეგ, რომელიც ერევანში გადავიტანე, იმის გამო, რომ სახლში ვერ ვბრუნდებოდი, ისევ საავადმყოფოში მოვხვდი, სადაც, ისევ გამიკეთეს თვალის ოპერაცია ”.
მარიანა ერევანში დარჩა. სადაც არ უნდა წასულიყო ეუბნებოდნენ, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეა, შეეძლო საქართველოში შემოსვლა, თუ ექნებოდა ქორწინების მოწმობა საქართველოს მოქალაქესთან, ან ეყოლებოდა არასრულწლოვანი შვილი – საქართველოს მოქალაქე. თუმცა, მისმა ვაჟმა, საქართველოს მოქალაქემ, სრულწლოვანებას უკვე მიაღწია, ხოლო ქორწინების მოწმობა არ აქვს. მაგრამ ის ფაქტები, რომ ის არის ქალაქ ახალქალაქის მკვიდრი, რომ მას აქ ოჯახი ჰყავს, ბინადრობის ნებართვა, – შექმნილ ვითარებაში ძალა არ აქვს.
მარიანას აშინებს, რომ შესაძლოა ისევ აღმოჩნდეს იმ სიტუაციაში, რომ შვილი ვერ ნახოს
„დედაჩემმა ყველას მიმართა, რომ სახლში დავბრუნებულიყავი. დედა ყველას ურეკავდა, იმდენი ნომერი აქვს სამინისტროებში, ეუბნებოდნენ – აქ დარეკეთ, იქ დარეკეთ, ერთ საათში, ნახევარ საათშიო. ბოლოს ეუბნებოდნენ, რომ ეს შეუძლებელია. ხუთჯერ მივმართე, მივუთითე, რომ ბიზნესი გვქონდა. არც ამან გვიშველა. ვერაფერმა გვიშველა. ყოველდღე ვწერდი და ვნერვიულობდი ამის გამო. რომ არა ჩემი და, ჭკუიდან გადავიდოდი. მთელი ამ ხნის განმავლობაში მასთან ვცხოვრობდი. ბოლოს უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ჩვენს დეპუტატს, სამველ მანუკიანს მივმართე. მაშინ ვუთხარი, თუ უკან ვერ დავბრუნდები, არ ვიცი რას დავმართებ საკუთარ თავს”, – ტანჯვის გახსენებაზე მარიანამ ტირილი დაიწყო და დაამატა, რომ შვიდი თვის განმავლობაში არ უნახავს შვილი და მძიმე სტრესი ჰქონდა.
ის კვლავ ათვალიერებს განშორების დროის ფოტოებსა და ვიდეოებს და ყველა კადრში ისმის სიტყვები “სახლი”, “სახლში”. სომხეთში მარიანას დეპრესიიდან გამოყვანას ნათესავები ცდილობდნენ, ექსკურსიებს აწყობდნენ. სომხეთში, გარნის უძველეს წარმართულ ტაძარში წაიყვანეს. თითოეულ წმინდა ადგილს აქვს ხე, რომლის ტოტებზე ხელსახოცებს ან ძაფებს ტოვებდნენ სურვილების ასასრულებლად. მარიანას მხოლოდ ერთი ოცნება ჰქონდა, რომ ახალქალაქში დაბრუნებულიყო. მან ხეს ხელსახოცი შეაბა და ეს სურვილი ჩაიფიქრა.
საბოლოოდ მარიანას დეპუტატი დაეხმარა დაბრუნებაში. მას ჯერ კიდევ სჭირდება სამედიცინო დახმარება, მაგრამ დღემდე ეშინია სამკურნალოდ სომხეთში წასვლის.
”ბინადრობის ნებართვა მაქვს და საქართველოს მოქალაქეობა მინდა დავიბრუნო, მაგრამ ენა არ ვიცი. ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ მზად ვარ ვაქცინაციისთვის, მხოლოდ თავისუფლად გადაადგილება შევძლო. თავს უნდა მივხედო. ჩემი ექიმი სომხეთშია, თავდაპირველად მკურნალობა იქ გავიარე. ექიმს ვერ შევცვლი მკურნალობა თბილისში რომ გავაგრძელო, მაგრამ მეშინია სომხეთში წასვლის. მირჩევნია ამ მდგომარეობაში ვიყო, ვიდრე ისევ წავიდე და სახლში დაბრუნება ვეღარ შევძლო”.
წელიწადზე მეტი მარტოობა – უნანიანები
ცოლ-ქმარი, ალვარდ და სეროჟ უნანიანები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვაში ცხოვრობენ. მათ საქართველოს საზღვრების დაკეტვის შემდეგ შვილები და შვილიშვილები არ უნახავთ. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს, უფროსი ცხოვრობს სომხეთში, ერევანში, უმცროსი უკრაინაში, კიევში. უნანიანებს ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი ცხოვრება სახლიდან შორს, მაგრამ ბოლო დროს ბევრი რამ შეიცვალა, პრიორიტეტების ჩათვლით.
შესასვლელთან არის მაგიდა, რომელზეც ფერადი ძაფები და ნაქარგები დევს, ხოლო მის გვერდით მინი პლანშეტია. სახლის პატრონი აქ დიდ დროს ატარებს, ბავშვებს ინტერნეტით ესაუბრება და ქარგავს. შვილიშვილებისა და ბავშვების სურათები კედლებზე კიდია, რადგან ისინი აქარვებენ მათ სევდას.
“ძალიან მტკივნეულია, რომ წელიწადზე მეტხანს ვერ ვხვდებით ერთმანეთს. ორივე ავადმყოფი ხალხი ვართ და მათთან წასვლის შესაძლებლობა არ არსებობს. როგორ უნდა გადავკვეთოთ საზღვარი და სომხეთის საზღვრამდე ფეხით უნდა ვიაროთ, ჩვენ ამას ვერ შევძლებთ. უფროს ვაჟს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ჩამოართვეს. მიუხედავად იმისა, რომ მან ბევრი ფული დახარჯა, მაინც ვერ დაიბრუნა. კორონავირუსამდე ისინი ყოველთვის ჩამოდიოდნენ. უფროსი ვაჟი, რომელიც სომხეთში ცხოვრობს, კორონავირუსამდე 4-5 თვის განმავლობაში აქ მუშაობდა. ის მსახიობია და ქორწილებში ეპატიჟებოდნენ. მეორე ვაჟი მთელ ოჯახთან ერთად ჩამოდიოდა, როცა უნდოდა მოდიოდა”, – აკანკალებული ხმით ამბობს 72 წლის ალვარდ უნანიანი.
უნანიანის საყოფაცხოვრებო ნაკვეთი
სახლისა და ეზოს დათვალიერებისას, ყვება, რომ შვილები და შვილიშვილები სახლის გაყიდვის წინააღმდეგნი არიან. კორონავირუსამდე ისინი ზაფხულში ჩამოდიოდნენ, შვილიშვილები ბაბუასთან ერთად სათევზაოდ მიდიოდნენ, ხოლო ბებიას სახლის საქმეებში ეხმარებოდნენ. ხმაურიან შეკრებებს აწყობდნენ. ერთ წელზე მეტია, უნანიანების სახლი ცარიელია. ის, რომ ორივე ვაჟმა იურიდიული ფაკულტეტის დიპლომი მიიღო და მამის სახლი დატოვა, ალვარდი სწორ ნაბიჯად თვლის.
”ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეეძლოთ- არის ხოფანში (სეზონური სამუშაო საზღვარგარეთ) სამუშაოდ წასვლა. რატომ მიიღეს მათ უმაღლესი განათლება, თუ ერთადერთი გამოსავალი ხოფანია. ბავშვებს ძალიან უნდათ, რომ მათთან ერთად ვიცხოვროთ, მაგრამ ჯანმრთელობა არ გვაძლევს საშუალებას, ერევანში თავს ცუდად ვგრძნობ. მე კიევში ერთი თვე ვცხოვრობდი. მართალია, ბავშვები ცდილობდნენ ჩვენი ცხოვრება საინტერესო გაეხადათ, მაგრამ სულ ერთია – ეს 4 კედელი, გაიხედეთ ამ ფანჯარაში ან მეორეში, ვერ შევეჩვიე. ის, რომ მარტო რთულია – დიახ. ჩემს მეუღლეს უმცროს ვაჟთან ერთად გადასვლა უნდა, მაგრამ ჩამს გამო არ გადავდივართ. კორონავირუსზე, არც ვფიქრობთ, იმდენი დაავადება მაქვს, რომ ამაზე, არც ვფიქრობ და შაქარიც მაღალი მაქვს, წნევაც მაქვს და გულიც ცუდად მაქვს, სახსრები მტკივა… ”
მიუხედავად იმისა, რომ ქმარი და ცოლი კორონავირუსის ვაქცინაციას ეწინააღმდეგებიან, ისინი მაინც იცავენ სიფრთხილის ზომებს.
”ჩვენ პირბადის გარეშე არ გავდივართ გარეთ. სოფელში არავის ვიცნობთ, რომ კორონავირუსი ჰქონდეს ან დაიღუპოს. ადრე უფრო მეტი ადამიანი იღუპებოდა, ვიდრე ახლა. გახსნან საზღვრები, რომ ხალხმა საკუთარი შვილების ნახვა მოახერხოს. ჩვენ ავადმყოფი ხალხი ვართ, შეიძლება ისე მოვკვდეთ, რომ ვეღარ ვნახოთ. ვაჟი გაზაფხულზე კიევიდან სომხეთში ჩავიდა, მაგრამ აქ ვერ ჩამოვიდა. ჩვენი ნახვის გარეშე უკან დაბრუნდა. თითქოს წყალი გინდოდეს, ხოლო ჭიქით წყალი მაგიდაზე დევს და ამ წყლის დალევის უფლებას არ გაძლევენ”, – ამბობს 73 წლის სეროჟ უნანიანი.
ნათესავების მონატრებამ და დაკეტილმა საზღვრებმა ალვარდი ბავშვებთან სამუდამოდ გადასვლაზე დააფიქრა.
”ჩემი მეუღლე მზად არის, თუნდაც დღეს წავიდეს კიევში, თავის უმცროს ვაჟთან. სიმართლე გითხრათ, ბავშვების მონატრების გამო, მეც გადავიფიქრე. უბრალოდ საზღვრები გაიხსნას“, – ამბობს ალვარდი.
2020 წლის 14 დეკემბერს ათობით ადამიანმა მიმართა ჯავახეთიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატს სამველ მანუკიანს. მიზეზი იყო ის, რომ ამ ხალხის ნათესავები სახლში ვერ ბრუნდებიან. კორონავირუსის გამო, საქართველომ 2020 წლის გაზაფხულიდან საზღვრები დაკეტა და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს უშვებს, რომლებიც უცხოეთიდან ბრუნდებიან, ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში ოჯახი ჰყავთ, ესენია არასრულწლოვანი შვილები და ცოლი/ქმარი, საქართველოში ჩამოსვლა შეუძლიათ ასევე უცხოელებს, რომლებსაც საქართველოში აქვთ ბიზნესი, თუ აქვთ გაფორმებული და ხელმოწერილი კონტრაქტი. ყველა სხვა შემთხვევაში უცხოელებს საქართველოში შემოსვლა ეკრძალებათ. არ არის გათვალისწინებული შემთხვევები, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირი ცხოვრობს საქართველოში, აქვს ბინადრობის ნებართვა ან მშობლების სახლში მიდის. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში ფრენა კოვიდ-პასპორტით ან PCR ტესტის უარყოფითი შედეგით, მაგრამ ავიაბილეთი ძალიან ძვირია…