08.04.2021
ნახვები: 487 |
ავტორი: Gayane Akojyan
2021 წლის 12 აპრილს საქართველოს მთავრობის 500 მლნ. დოლარის ოდენობის 10-წლიანი ევრობონდის სესხის დაფარვის ვადა იწურება.
ობლიგაციები საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს მთავრობამ 2011 წელს განათავსა 2008 წელს აღებული ბონდების რეფინანსირების მიზნით. ახლა ამ სესხის დაფარვის დრო მოვიდა, რომელიც, სავარაუდოდ, ახალი ობლიგაციების დახმარებით რეფინანსირდება.
2021 წლის 26 თებერვალს ფინანსთა სამინისტრომ საინვესტიციო ბანკებს ევროობლიგაციების გამოცემის დაწყება დაავალა. მათ გასაყიდად 10 საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი და ფონდი შეირჩა, მათ შორის მსოფლიო საფონდო ბირჟის ისეთი ლიდერები, როგორებიცაა JP Morgan, Goldman Sachs და ICBC.
ფინანსთა სამინისტრო ობლიგაციების გაყიდვას ასევე აპირებს შიდა ბაზარზე. ამ ამოცანის შესრულებაში ჩართულნი იქნებიან ქართული საინვესტიციო კომპანიები Galt & Taggart და TBC Capital.
ამ ეტაპზე საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ობლიგაციების განთავსების სამუშაოები მიმდინარეობს და არსებული არაოფიციალური მონაცემებით, უახლოეს დღეებში ამის თაობაზე სპეციალური განცხადება გაკეთდება.
ახალი ობლიგაციები გაიცემა 10 წლის ვადით, მაგრამ ეს მხოლოდ წინასწარი მონაცემებია – საბოლოო პარამეტრები დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ სიტუაციასა და პოტენციური კლიენტების მოთხოვნებზე. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ობლიგაციების ვადა 10 წელზე ნაკლები იყოს.
ამასთანავე, საპროცენტო განაკვეთიც მნიშვნელოვნად დაბალი იქნება, ვიდრე 2008 და 2011 წლებში იყო.
Galt & Taggart- ის მმართველი დირექტორის, მერი ჩაჩანიძის თქმით, წინასწარი გამოთვლებით, ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი წელიწადში 4% იქნება, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება.
«როდესაც ინვესტორები აფიქსირებენ მოთხოვნას, ფინანსთა სამინისტრო, ბაზრის განწყობის მოლოდინიდან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთის გადაწყვეტილებას იღებს და სავარაუდოდ, ეს წელიწადში დაახლოებით 4%-ით მერყეობს», – განაცხადა მან.
ოპოზიციის წარმომადგენლის, საქართველოს ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტის, რომან გოცირიძის თქმით, ახალი ევროობლიგაციების გამოშვებაზე მუშაობა დაგვიანებით დაიწყო და, სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტრო ფასიანი ქაღალდების დროულად აღებას, მათგან საჭირო თანხის მიღებას და ინვესტორების წინაშე ვალდებულებების დროულად შესრულებას ვერ მოასწრებს.
აქედან გამომდინარე, ექს-ჩინოვნიკის აზრით, შექმნილ ვითარებაში, მთავრობას სხვა გზა აღარ რჩება, გარდა ეროვნული ბანკის რეზერვების 500 მილიონიანი სესხის დაფარვისა.
«ეს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვან შემცირებას გამოიწვევს, ამასთანავე იმ სიტუაციაში, როდესაც საგარეო ვალმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. მარეგულირებელი ეროვნული ვალუტის შენარჩუნების მიზნით სავალუტო ინტერვენციების თავიდან აცილებას ცდილობს, მაგრამ ამასთანავე, მას 500 მლნ. აშშ დოლარის დახარჯვა მოუწევს ევრობონდით. შესაბამისად, სავალუტო რეზერვები, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა, 500 მლნ. აშშ დოლარით შემცირდება სულ რამდენიმე დღეში,» – განაცხადა რომან გოცირიძემ.